ჩემს საფიცარ ქვეყანაში ყველაზე მეტად მოხუცებს უჭირთ. კიდევ კარგი, ზოგს შვილი და შვილიშვილი გვერდში ჰყავს და მონატრების ცრემლი მაინც არ უვსებს თვალებს! პენსია მიზერული, ისიც დაყვედრებული, ქვეყანას, რომელსაც ემსახურე, მონად ჰყავდიო(?!) არადა, თავმოყვარე ადამიანები იყვნენ, იშრომეს, იღვაწეს, ილაღეს, ლექსი არ დაგვიკარგეს და სიმღერა, ქვეყანას აშენებდნენ, ქალაქებს ალამაზებდნენ, ვაკის პარკში მთის პირიდან გადმოსჩქეფდა შადრევანი, ეფინებოდა მთის კალთებს, ეჩუხჩუხებოდა, ესიყვარულებოდა „პასკა-პასკას" ცხობაში გართულ ბავშვებს. ფეხბურთსაც ვთამაშობდით, ჭადრაკსაც და კალათბურთსაც, ქართველს ყველგან ლელო გაჰქონდა! დარბაისელი ხალხი იყო, დიდომგამოტანილი, შეუპოვარი და ოჯახის ერთგული, ასგზის ნაბეგვ-ნაჟეჟი და მაინც, იმ დამტვრეული თითებით, სხვის უჩუმრად პირჯვარს იწერდნენ ქაშუეთის ეკლესიასა და მცხეთას ჩავლისას. მე ასეთი წინაპარი მყავდა! ზუსტად ისევე, როგორც თქვენ! რუდუნებით მომიტანეს და ხელისგულზე დამიდეს „აი ია“. არავის, მთელ დედამიწაზე უფრო მდიდრული, უფრო ძვირფასი განძი არ გააჩნია!
ჰოდა, სხედან ახლა ეს მუხლებში სიძაბუნეშეპარული მეციხოვნეები ტელეეკრანებთან, ათას სიბინძურეს ისმენენ, ბევრი რამ არც ესმით, ბევრი რამ ვერ გაურკვევიათ და ვერც იჯერებენ, რადგან წარმოუდგენელია, შენი შვილიშვილის ტოლმა გოგო-ბიჭებმა სიკვდილი გისურვონ და წამზომი ჩაგირთონ...
რისთვის, ბიჭებო?
ნათელი მომავლისთვისო?!
აფსუს, ეს გაკვეთილი რომ არ მოგისმენიათ! ასეთი რამ 1937 წელს უკვე იყო! ბევრი დახვრიტეს „ნათელი მომავლის“ სახელით! ჰოდა, რაც არ გინახავთ, არ განგიცდიათ, იმათ როგორ დაემსგავსეთ, აკი თავისუფალ ქვეყანაში დაიბადეთ...
ქვეყანაში, სადაც საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და, რა თქმა უნდა, მართებულადაც, კომუნისტური პარტია არავის აუკრძალავს! იუსტიციის დიდ გენიას, ზურაბ ადეიშვილს ასეთი „წვრილმანი“ გამორჩა! არც მის შემცვლელს გახსენებია ეს ფაქტი და მოხუც ადამიანს ისიც ვერ გაურკვევია, შეურაცხყოფას რატომ და რისთვის აყენებენ „თავისუფლად მოაზროვნე“ ახალგაზრდები...
ერთი წელიც გადააგორეს, ბრჭყვიალამედლებიანმა მოხუცებმა, რომელთაც სახელმწიფომ ღირსეულად ცხოვრებაზე უარი უთხრა! ეგ არაფერი, მადლობა ღმერთს, კაცის ღირსება პენსიის რაოდენობით არ განისაზღვრება!
მე უფრო ის ერთი მუჭა ახალგაზრდები მეცოდება, მოხუცებს კვერცხები რომ ესროლეს, დავალების პირნათლად შესრულების შემდეგ ერთმანეთს „გამარჯვება“ რომ მიულოცეს და კმაყოფილებმა დაინაწილეს „პაიოკი“!
აბა, კუჭის საქმე როგორ გაქვთ, ბიჭებო, ძეხვი ჭამეთ?