10 წლის ვიყავი იმ ღამეს. მამამ დასაძინებლად არ „გაგვყარა“, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები ხდებაო და ტელევიზორთან დაგვტოვა. ხიდან გადაღებულ კადრებს აჩვენებდნენ ტელევიზიით - გაარჩევდი, თეთრი მოსასხამით ცეკვავდა ის…
9 აპრილის ღამით, იგი მარტო ილია მეორე კი არა, მეორე ილიაც იყო, გამზადებული წიწამურისკენ წასასვლელად.
ჩვენდა საბედნიეროდ, წიწამური ერთადერთი იყო და ისიც გადავლილიყო ჩვენს თავზე. ახლა სხვა სიმაღლეზე იდგა ქართველი ერი.
თათბირობდნენ ეროვნული მოძრაობის მეთაურები პატრიარქთან. ყველა მათგანის თვალებში უმაღლესი პასუხისმგებლობა იკითხებოდა და ისინი ამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდნენ. სახეები დაძაბული, თითქოს ეს-ესაა მტერს უნდა ეკვეთონო.
ასე იქნებოდა, ალბათ, ნოეს სახისმეტყველება საყოველთაო წარღვნის წინ; მოსე წინასწარმეტყველის გამომეტყველება მეწამულ ზღვასთან მდგარი, ვიდრემდე უფალი გამოუჩენდა საშველს.
მოთავეებს შეეშინდათ: - მოღალატედ გამოგაცხადებენო, - შეჰკადრეს პატრიარქს და ამისი რეალური საშიშროება იყო იმ კომუნისტური მენტალიტეტიდან გამომდინარე.
გადაწყვეტილება მიღებული იყო: ბრძოლა უიარაღო ხალხისა კბილებამდე შეიარაღებული ჯარის წინააღმდეგ. არავინ შეშინდა. ყველამ დაანთო სანთლები და საუფლო ლოცვა წარმოსთქვეს ბრძოლის წინ.
სანთლებმა გააბრწყინა ღამე და ზეცამდე აიტანა ერის გულმხურვალე ლოცვა - ერთადერთი იარაღი მტერთან საომრად.
ყველა სანთელს მფარველი ანგელოზი დასტრიალებდა და მართლაც ერთ-ერთი უდიდებულესი დღე დგებოდა ქართველი ერისთვის - ჯვარცმისა და გარდაუვალი მკვდრეთით აღდგომისა.
დადიოდა ჯვარცმული ქრისტე ჩვენს შორის და ეკლის გვირგვინს გვიზიარებდა მასთან თანაზიარებს.
ხალხში ჩონგურის ხმა გაისმა - მტკიცე იყო სიმები, მთელი საქართველოს გულზე რომ იყო გადაჭიმული. ხმასაც მტკიცეს გამოსცემდა, არ უმტყუნებია ერთი წუთითაც, გულის ძარღვებით იყო შენასკვული. ვიღაც ბრმამ მთელ ხმაზე დაამღერა -
„დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაიხარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს.
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს.“
ბევრჯერ უმღერიათ საქართველოში ეს სიმღერა, ბევრჯერ უთქვამთ ეს ლექსი, მაგრამ ასეთი ძალა მას არასოდეს ჰქონია. მღეროდა ბრმა ქალი და მისგან ულევი სინათლე მოდიოდა, - ამ დროს შემოდიოდა თვალხილული რუსი სიბნელიდან.
მღეროდა ბრმა ქალი და მის სიმღერაში მაჩაბელის სიმღერა ისმოდა ტფილისის მისადგომებთან ნამღერი.
მღეროდა და ხალხი ადგილიდან არ იძვროდა, - უსმენდნენ სიმღერას.
ვერასოდეს იფიქრებდა ლადო ასათიანი, თუ რას წერდა, როცა წერდა და რა დროსთვის განკუთვნილს, საქართველოს ისტორიად რომ გადაიქცეოდა. ცოტაა ასეთი ლექსები.
აი, დაერივნენ რუსის ჯარისკაცები უიარაღო ხალხს, ის ბრმა ქალი კი ამხნევებდა სიკვდილში შემავალთ, - „ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში, საქართველოს ცხელი გული ასვენია“.
ერთი მხარე შეავიწროვეს ჯარისკაცებმა. ატყდა სტვენა, ხმაური, გაწევ-გამოწევა. გამოჩნდა ტანკები...
მოდიან, შენ არ ჩერდები, ბრმა ქალო, ვერაფერს ხედავ? არა, ახლა რომ ხედავ, ასე არასოდეს შეგიხედავს. არ ეპუები არც შენს მტერს და მღერი -
„დაუკარით და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს“...
ვუკრავთ და ვმღერით. აი, შენც!
რამდენი ხანი გეძებდი და გიპოვე, სადღაც არეულობაში გამებენი.
შენ ცეკვავ, თეთრი ლაბადა გაცვია. ისე ლამაზად და მოხდენილად ცეკვავ, თვალს ვერ მოგწყვეტს კაცი. მაგრამ რა დროს ცეკვაა. თანაც მღერი კიდეც ისე, რომ ფილტვები გტკივა და გებერება. ცეკვავ ისე, როგორც ქორწილში პატარძალი.
ნუთუ ეს შენი ქორწილის დღეა?
მოვიწევ შენკენ, ხელი რომ მოგკიდო და გაგარიდო აქაურობას. სადაცაა მოგკიდებ ხელს და გამოგახედებ ჩემკენ. გეძახი, მაგრამ გრუხუნი ახშობს სასმენელს. გიახლოვდები, ხელი გამოწვდილი მაქვს. საცაა მოგკიდებ ხელს და წაგიყვან, მაგრამ ვერ ვახერხებ, ხალხი შენს თავს მაცილებს.
აღარ მესმის არაფერი, წივილ-კივილის ხმა ჩაგუბებულა ჩემს ყურებში და ყურები მიწივის. მოვიკვლევ გზას შენკენ. შენ ისევ ცეკვავ. გაწევ-გამოწევით გამოვითავისუფლე გზა შენკენ. ახლა გამოვიქცევი, გტაცებ ხელს და სამშვიდობოს გაგიყვან.
მოვრბივარ. ისევ შენს სიახლოვეს ვარ.
იმ ბრმა ქალის სიმღერა მესმის ახლა - „დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!“
ავად მენიშნა ეს სიმღერა. გიყურებ. თვალს ვერ გაცილებ. გიყვირი, - თავს უშველე-თქო, - მე კი ფეხის გადადგმა მიჭირს. რაღაც დამიმძიმდა თავში, თავბრუ მეხვევა. ვკვდები, შენ კი თვალს მაინც არ გაცილებ. თვალები მეცრემლება. ფეხს ვითრევ, ვბარბაცებ. შენკენ მოიწევენ, მაგრამ ჯერ მოშორებით დგანან. ვიღაც წაქცეულს მთელი გამეტებით რეზინის ხელკეტს ურტყამენ. გზიდან ჩამოიცილეს.
აი, შენკენ მოდიან. შენ მე დამინახე და ჩემკენ წამოდი. დაგედევნენ. თავი მისკდება, შენ გიყურებ, თვალები მეცრემლება. წონასწორობას ვკარგავ, მაგრამ მინდა გაგაცილო ამ საშინელებას და თავს ვუძალიანდები. აი, წამოგეწია ჯარისკაცი, შენს წინ აღიმართა, როგორც ულმობელი ბედისწერა. შენ უკან მიიხედე მისკენ...
და ყველაფერი დამთავრდა.
მანუჩარ კაჭახიძე - ამერიკაში გამომავალი ქართული გამოცემის „მამული“ გამომცემელი, ჟურნალისტი