ამას წინათ, უფროსმა მეგობარმა გამოცანასავით მითხრა: მის პორტრეტს თითქმის ყოველდღე ვხედავთ; თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მუდამ ახალგაზრდებით სავსე ნაგებობა მის სახელს ატარებს; უწინ ამ შენობასთან მამაკაცები ჩერდებოდნენ, ქუდს მოიხდიდნენ, თავს დაუკრავდნენ, თითქოს სალამს ეუბნებოდნენ და გზას ისე აგრძელებდნენ. გამოიცანი, ვინ არისო? - ვაღიარებ, ამ უკანასკნელმა მინიშნებამ მიმახვედრა, რომ საუბარი იყო ივანე ჯავახიშვილზე. არადა, ის 5-ლარიან ბანკნოტზეა გამოსახული; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი გახლდათ, რომელიც დღემდე ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად ითვლება და ამ შენობის წინ გამვლელნი უწინ მართლაც იხდიდნენ ქუდს - მოკრძალებისა და პატივისცემის ნიშნად.
ისტორიკოსი და მევიოლინე
111 წლის წინ, ოქტომბერში ივანე ჯავახიშვილმა ოჯახი შექმნა. ამბობდნენ, დაოჯახება მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, ქალის გაცნობისთანავე აზრი შეიცვალაო.
1905 წლის ზაფხული იდგა. სწორედ ამ დროს გაიცნო ივანე ჯავახიშვილმა მუსიკით გატაცებული 22 წლის ქალიშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. მისმა ღიმილმა, ცეკვამ და ვიოლინოზე შესრულებულმა მელოდიებმა ივანე მაშინვე მოხიბლა. იმ პერიოდში ანასტასია ერთ-ერთ პირველ მევიოლინე ქალად ითვლებოდა და ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი დიდი იყო. კონსერვატორია პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული. მის პედაგოგებს შორის იყო მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ნიკოლო პაგანინი. ივანე სულგანაბული იჯდა და უსმენდა. ისტორიკოსი მუსიკოსით მალე მოიხიბლა და 30 წლის ივანე ჯავახიშვილმა ცოლის შერთვა გადაწყვიტა. თუმცა, როგორც მისი მეგობრის ერთ-ერთი წერილიდან დასტურდება, დაოჯახება მის გეგმებში არ შედიოდა. 1905 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული ივანე ნიჟარაძის წერილში ვკითხულობთ: „საყვარელო ძმაო ვანო! როგორ უნდა გამოვთქვა ჩემი სიხარული! რა სიტყვებით უნდა აღვწერო ჩემი აღტაცება?! ვანო, შენ ცოლს ირთავ! ნუთუ?! ღმერთო... შენ, რომელიც ცოლობის შესახებ სხვა აზრისა იყავი, ვერც კი ჩამოხველ საქართველოში და უკვე ცოლის შერთვა დააპირე! რა მოხდა მაგისთანა ან რათ დაივიწყე შენი მოსიყვარულე მეგობრები და არ შეატყობინე ეს ფრიად სასიხარულო და სასიამოვნო ამბავი?! მიკვირს, რადგან არ ველოდი, რომ ცოლს ირთავ. მიხარიან, ძალიან მიხარიან, რომ კარგ ქალიშვილს ირთავ და ახალ ცხოვრებას შეუდექი“.
წყვილმა ჯვარი 1906 წლის 30 ოქტომბერს დაიწერა. თბილისში, კალინინის ქუჩაზე დასახლდნენ, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს. მანამდე ეს სახლი ანასტასიას მამიდას, ცნობილ ქველმოქმედ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს ეკუთვნოდა და ანდერძით დაუტოვა ძმისშვილს. აღსანიშნავია ისიც, რომ შემდეგში ამ ქალბატონმა უნივერსიტეტის მშენებლობაში სხვებთან ერთად, საკმაოდ დიდი თანხა გაიღო.
წყვილს სამი შვილი შეეძინა: ნათელა, კახა და ალექსანდრე. მას შემდეგ ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა, რომელსაც ასე ეძახდა - სტაზია, ის კი ქმარს ვანიკოთი მოიხსენიებდა.
ორად გაყოფილი აზრი
წარსულში, როცა არც ინტერნეტი გვქონდა და არც მობილური ტელეფონები, ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება წერილები იყო. როცა ადამიანი წარმატებული და ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ, ინტერესს არა მხოლოდ მათი ნაშრომები, წიგნები და ღვაწლი იწვევდა, არამედ პირადი არქივიც და ზოგჯერ ის ხდებოდა საჯარო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მიზეზით არაერთ უაღრესად ინტიმური შინაარსის ფურცლებს „გამოუღწევია“ ბევრი წყვილის განჯინიდან ან გულის ჯიბიდან. შეიძლება, ამ წერილების ადრესატების ნაწილი ამის წინააღმდეგი ყოფილიყო, ზოგიც პირიქით - მოხარული, ადამიანი ხომ ათასგვარია... ფაქტი ისაა, რომ ოჯახის წევრებისა და შთამომავლების გადაწყვეტილებით, მრავალი ასეთი ბარათი გამხდარა ხელმისაწვდომი; არიან ისეთებიც, ვისაც სიცოცხლეშივე, თავისი სურვილით გადაუცია „ისტორიისთვის“ ან დასაბეჭდად თავისი „გულის ისტორია“.
უნდა იყოს თუ არა ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის პირადი მიმოწერა საჯარო, ამ თემაზე სხვადასხვა არგუმენტის დართვით, აზრი ორად იყოფა. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მაინც დიდი ინტერესით კითხულობს იმ ფრაზებს, რომელიც ოდესღაც, ორმა შეყვარებულმა ადამიანმა ერთმანეთს მისწერა.
წერილები
სასიყვარულო წერილებიდან ამონარიდები გვხვდება სტატიებში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიც ბევრი ხელოვანის, მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცული. მათ შორის არის ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილებიც. ჯვრისწერამდე ერთი თვით ადრე, 1906 წელს ივანე ანასტასიას პეტერბურგიდან სწერდა:
„ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!
ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!.. როგორა ხარ, ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ახლა რომ მანდ მამყოფა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...
მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკბოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე-მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება. ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ... მე სულ იმის ფიქრში ვარ, თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო".
შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ მხოლოდ შეუღლებამდე ან დაოჯახების პირველ ხანებში იყო ამ წყვილის წერილები ასეთი სიყვარულით სავსე, თუმცა, ბარათები „ამბობენ“, რომ ეს მუხტი მათ მაშინაც ჰქონდათ შენარჩუნებული, როცა უკვე სამი შვილი ჰყავდათ. როგორც ჩანს, ქალს მეუღლესავით არ ეხერხებოდა საკუთარ გრძნობებზე ღიად და მრავალფეროვნად საუბარი და ამას ის ფრაზებიც მოწმობს, რომელსაც ის 1916 წელს პეტერბურგში მყოფ ქმარს წერს:
„ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო, ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება. შენ კი, ოჰ, ვანიკო, თითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არის და შედარებანი შესანიშნავი!
ვანიკო, ლამაზო და ნაზო, ტკბილო ჩემო ქმარიკო, მე წუხელის მთელი ღამე (ორი საათის გარდა!) არა მძინებია, სულ შენზე ვოცნებობდი, სულ თვალწინ მყავდი, შენი წერილის სიტყვები მეყურებოდა, მხოლოდ შენ თვითონ მაკლდი, გვერდით არა მყავდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, ისე ძნელია, როცა ასე ვართ მოშორებული ერთმანეთს!“
ინტერესები და პროფესიული არჩევანი
ალექსანდრე ჯავახიშვილისა და ვახვახიშვილის 6 შვილიდან, მეორე იყო ივანე, იგივე ვანო. ეროვნული ფასეულობებისადმი ინტერესს ოჯახში უღვივებდნენ. თან, ეს ის პერიოდი იყო, როცა სასტიკად იდევნებოდა ყოველივე ქართული, ქართულ ოჯახებში რუსული ლაპარაკი ისმოდა, თუმცა ჯავახიშვილების ოჯახი გამონაკლისი გახლდათ.
ჰუმანიტარული საგნები იტაცებდა, დაწყებითი განათლების წლებზე ივანე წერდა: „გიმნაზიაში სწავლის დროს ჩემს საყვარელ საგნებს ბერძნული ენა და მწერლობა, ისტორია და ფილოსოფია შეადგენდა“. მის გატაცებებს შორის იყო ხატვა და სიმღერა. ვიოლინოზეც უკრავდა, თურმე. მისი თანაკლასელი, ადამ ფორაქიშვილი იგონებს: „ავლაბარში ცხოვრობდა. ჩემთან ხშირად დაიარებოდა, ერთად ვამზადებდით გაკვეთილებს და როცა გავათავებდით ხოლმე, შემოუჯდებოდა პიანინოს, ქართულ სიმღერებს უკრავდა და ღიღინებდა“.
რაც შეეხება ხატვას, ერთხელ ივანეს ნახატით მოხიბლულმა მასწავლებელმა მას ამ განხრით დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, მაგრამ როგორც თავად ივანე წერს, მეოთხე კლასიდან მეცნიერებას მეტ დროს უთმობდა და ხატვა მეორეხარისხოვანი გახდა.
ზაფხულის არდადეგებს მშობლიურ სოფელში - ხოვლეში ატარებდა. მისი და მეგობრების ძირითადი გართობა საღამოს გამართვა იყო, სადაც სხვადასხვა საკითხზე დაწერილ რეფერატებს განიხილავდნენ. ხშირად არქეოლოგიურ სიმდიდრესაც ეძებდნენ, რომლის დროსაც მიწაში ნაპოვნ მოჩუქურთმებულ ქვებს ივანე დიდი ინტერესით ინახავდა.
შერყეული ჯანმრთელობა
ალბათ ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ივანე ჯავახიშვილს ცხოვრებაში სირთულე არ შეხვედრია. დაძაბულ-დატვირთულმა სამუშაო რეჟიმმა მეცნიერის ჯანმრთელობას თავისი კვალი დაატყო. ივანეს დახასიათებისას ჯერ კიდევ მისი გიმნაზიის დირექტორი, მარკოვი წერდა: „მოწაფე ივანე ჯავახიშვილი შვილია ქართველი ხელმოკლე თავადისა (სასწავლებლის ზედამხედველისა). კეთილ, პატრიარქალურ ოჯახს საუცხოო გავლენა მოუხდენია ჭაბუკზე, გაუზრდია იგი რელიგიური, ზნეკეთილი, თავაზიანი და ალერსიანი. ზომიერი ხასიათის, ზრდილი, რის გამოც ყველას უყვარს. ჯავახიშვილი დაჯილდოებულია კარგი ბუნებრივი ნიჭით, ამასთან მეტად ბეჯითი და შრომისმოყვარეა. უეჭველია, რომ მისგან საუკეთესო სტუდენტი დადგება. ჯანმრთელობა ბუნებისგან მას კარგი აქვს, თუმცა რამდენადმე შერყეული ბოლო წლების გულმოდგინე მეცადინეობით. ის ბევრს კითხულობს და კარგი ნაკითხობით გამოირჩევა, კარგად უკრავს ვიოლინოზე. შესანიშნავი შვილია და უზადოდ ზრდილობიანი ყმაწვილია, არა მარტო უფროსებთან, არამედ ამხანაგებთანაც, თვით უმცროსების მიმართაც".
პეტერბურგის უნივერსიტეტში სასწავლებლად გამგზავრებული ივანე სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს. მოგვიანებით, მისივე თაოსნობით კავშირი დაამყარა ამიერკავკასიიდან ჩამოსულ სხვა ეროვნების სტუდენტებთანაც და შექმნა „ამიერკავკასიის სათვისტომო“. აქ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: უნივერსიტეტში სწავლისას ივანემ ოქროს მედალი მიიღო, რომლის გადაცემა, როგორც წესი, საზეიმო ვითარებაში ხდებოდა, მაგრამ ჯავახიშვილს უთქვამს, არ ვარ ამგვარ დემონსტრაციულ გამოსვლებს დაჩვეულიო. ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ მედალი პირადად მიუტანეს. ივანე მედალს სათუთად ინახავდა, მაგრამ წლების შემდეგ, როცა გასჭირვებია, 120 მანეთად დაუგირავებია. გამოსასყიდად მისვლა ერთი დღე დააგვიანდა. გავყიდეთო, უთქვამთ. ძალიან დასწყდა გული.
პეტერბურგი, გერმანია, ამას სინას მთა მოჰყვა, სადაც ნიკო მართან ერთად გაემგზავრა და ამ ექსპედიციის შედეგად მრავალი, მანამდე უცნობი ძველი ქართული ძეგლი გამოაშკარავდა. ცხოვრების ყველა ეტაპზე მისი საქმიანობა ყოველთვის ნაყოფიერი იყო, მაგრამ თავის პირველ აუცილებლად განსახორციელებელ მისიად საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების საკითხს აყენებდა და ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 1907 წელს დაიწყო...
ცარიზმის დამხობის შემდეგ ივანე თბილისში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს, რომელმაც მალე, 1918 წლის 26 იანვარს, მიაღწიეს კიდეც დასახულ მიზანს. მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ, დაწყებული ფინანსური საკითხებიდან, ამ იდეისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების გადარწმუნებით დამთავრებული.
უნივერსიტეტში ივანე ჯერ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი იყო, 1919-1926 წლებში კი რექტორის თანამდებობა ეკავა. ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე (ხანმოკლე პერიოდის გარდა), იგი უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი, თარხუჯ ჯავახიშვილი იხსენებდა, რომ მეცნიერს ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან შეერყა. სტუდენტობისას ნამცხვრით მოწამლულა, რომელსაც ზემოდან დანაყილი შაქარყინული ეყარა. აღმოჩნდა, რომ ნამცხვრისთვის შაქარყინული იმავე თასში მოუთავსებიათ, სადაც შაბს ნაყავდნენ. იმ ნამცხვრებით მაშინ რამდენიმე ადამიანი მოწამლულა და ორი გარდაიცვალა კიდეც. ამ შემთხვევის შემდეგ ივანე მთელი ცხოვრება, იძულებით დიეტაზე იყო.
უკანასკნელი ლექცია
1940 წლის 18 ნოემბერს ჯავახიშვილს ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექცია ჰქონდა ჩანიშნული. თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მაინც წავიდა - სირცხვილია, მოსაწვევები დარიგებულია, ხალხს ვერ გავაწბილებო. მივიდა. ლექცია დაიწყო თუ არა, შეუძლოდ გახდა. ჯავახიშვილი აუდიტორიიდან სტუდენტებმა გაიყვანეს. ექიმები მივიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში მათ თავი უძლურად აღიარეს. მაგიდაზე გადაშლილი ნაწერები ვიღაცამ გვიან დახურა...
ჯავახიშვილის სიკვდილის მიზეზად ინფარქტი დასახელდა. მისი ნეშტი უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს. „ივანე ჯავახიშვილს მთელი ქალაქი აღმერთებდა. მახსოვს, როცა ვიღაცამ ხმა მოიტანა მისი გარდაცვალების თაობაზე, წამსვე, მთელი თბილისი ქუჩაში გამოეფინა“, - წერდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში მარიამ ლორთქიფანიძე, - „მახსოვს მისი დაკრძალვა. მე და ჩემი მეგობარი ნიკო ქანთარია ერთი საათით ადრე გამოვედით სახლიდან, მაგრამ წყნეთის ქუჩას რომ მოვუახლოვდით, წინ წამოსვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ძლივს მოვახერხეთ უნივერსიტეტის ღობესთან მოსვლა. მახსოვს, ჩვენ ირგვლივ ყველა - ქალიც და კაციც ქვითინებდა.
მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას".
მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, მისმა ქვრივმა ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანმა თითქმის 30 წელი კიდევ იცოცხლა და ისიც ნოემბერში აღესრულა...
ავტორი: ანა კალანდაძე