logo_geo
eng_logo
ჭიათურელ მაღაროელებს ბრიტანელმა ფოტოგრაფმა და მუსიკოსმა სოფო ლეჟავამ შემოქმედებითი საღამო მიუძღვნეს
- +

4 აგვისტო. 2018. 16:12

 

 

გამოფენის თემა ინდუსტრიული ქალაქის გაცოცხლება იყო. ფოტოხელოვანებმა უძველესი ისტორიული შენობა-ნაგებობები, მამაცი მაღაროელები, მათი ცხოვრების წესი და ქალაქის რიტმი საკუთარ შემოქმედებაში ორიგინალური ფორმით ასახეს.

 

სემი და ფილი უკვე წელზე მეტია, ერთად ცდილობენ საქართველოს ძველ ისტორიულ ქალაქებს, მრავალფეროვან კულტურას, საინტერესო პროფესიებსა და ამ პროფესიების წარმომადგენლებს გაუწიონ პოპულარიზაცია. მათ რამდენიმე თვის წინაც გამართეს გამოფენა სახელწოდებით - „თბილისი - უძველესი ქუჩებით“.

 

ჭიათურაში ფოტოგამოფენის გამართვის იდეის შესახებ ხელოვანებმა შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ ცოტა ხნის წინ აცნობეს. კომპანიამ იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც, სემი და ფილი სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მაღაროელების საქმიანობას. ამბობენ, რომ ეს უპირობოდ საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც დიდ სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს.

 

მოგვიანებით, მათ ეს შთაბეჭდილებები ნამუშევრებში ასახეს. ხელოვანებს იდეის განხორციელებასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც დაეხმარა. „ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით გამართულ გამოფენაზე სემ გერმანისა და ფილიპ ჰუდელსტოუნის მიერ წარმოდგენილმა ფოტოებმა დამთვალიერებლები ნამდვილად გააოცა.

 

ორი ფოტოხელოვანი იმედოვნებს, რომ მათი ნამუშევრები კიდევ ერთხელ მოახდენს ფოკუსირებას მაღაროელების უმნიშვნელოვანეს პროფესიაზე და საზოგადოება მათ უფრო მეტად დააფასებს. ფილიპ ჰუდელსტოუნის თქმით, ასეთი პროექტის განხორციელება ყველა ფოტოგრაფის ოცნებაა. ის იმედოვნებს, რომ ჭიათურა უფრო განვითარდება და წინ წავა.

 

„ვფიქრობ, რომ ასეთ დეტალებში იმალება განსაკუთრებული სილამაზე და სწორედ ესაა ფოტოგრაფის ოცნებაც. ჩვენ დავუკავშირდით „ჯორჯიან მანგანეზს“ და მათი დახმარებით, შევძელით ასეთი არაჩვეულებრივი გამოფენის მოწყობა. ჩვენ შევხვდით აქ მომუშავე ახალგაზრდებსაც, რომლებიც მოხვდნენ ჩვენს სურათებში. ისინი ძალიან შრომისმოყვარე, კეთილი და გულისხმიერი ხალხია. ვიმედოვნებ, რომ ეს ქალაქი უფრო განვითარდება და წინ წავა. მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და უბრალოდ, სიტყვები ზედმეტია“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა.

 

გამოფენაზე მიწვეული სტუმრებისთვის ცნობილმა მუსიკოსმა, სოფო ლეჟავამ კონცერტი გამართა.

 

როგორც მან აღნიშნა, გამოფენა ძალიან შთამბეჭდავი იყო და კარგად ჩანდა ჭიათურის „სული“.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ ასეთი საღამოს მოწყობისთვის. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი დღეა როგორც ჩემთვის, ისე ჭიათურისთვის. თითქოს ცოცხლდება კულტურა ამ ქალაქში. გამოფენით კარგად გამოჩნდა ჭიათურის „სული“ და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. მეორე ნაწილში კი მე შევასრულე სხვადასხვა ნაწარმოები. იმედი მაქვს, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები“, - განაცხადა სოფო ლეჟავამ.

 

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან განაცხადა, მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს ამგვარ ღონისძიებებს.

 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას, მათ არაჩვეულებრივი საღამო აჩუქეს ჭიათურელებს. აქ მოსულ სტუმრებსაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მობრძანებისთვის, ასევე, დღევანდელი დღის ორგანიზატორებს. ჭიათურის მერია მზადაა, ასეთ პროექტებში მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა. ბოლო პერიოდში, ჭიათურის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია“, - განაცხადა ჭიათურის მერმა.

 

როგორც ჭიათურის მერის მოადგილემ, ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, გამოფენა ზუსტად გადმოსცემდა იმ მუხტს, რაც ინდუსტრიული ქალაქს აქვს.

 

„ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გამოფენა, რომელიც ნამდვილად მოიცავს თითოეული ჭიათურელის ემოციას. მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ინგლისელ ფოტოგრაფს, რომ ზუსტად შეიგრძნეს ჭიათურის ის მუხტი, რაც აქვს ამ ქალაქს. მიხარია, რომ ჭიათურით ძალიან ბევრი ტურისტული კომპანიაა ინტერესდება. ყოველდღიურად, ჩვენ უკვე 200-მდე ტურისტს ვმასპინძლობთ. 2019 წელს, ჭიათურის მერის პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა“, - აღნიშნა ლიკა ჭუმბურიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner