ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 აბიტურიენტი.
სტუდენტები გახდნენ ცნობილი სახეების შვილებიც. AMBEBI.GE დაინტერესდა, სად ჩააბარეს და როგორი ქულები აიღეს ცნობილი ადამიანების აბიტურიენტმა შვილებმა.
სტუდენტი გახდა დეპუტატ ირმა ინაშვილის ქალიშვილიც. ნინი კევლიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა. თსუ-ში ის 100 %-იანი გრანტით მოხვდა.
- ჩემმა ქალიშვილმა თავად გადაწყვიტა განათლების საქართველოში მიღება და მეც ვფიქრობ, რომ სწორია ფუნდამეტური განათლების საკუთარ ქვეყანაში მიღება. როცა ფაკულტეტს ირჩევდა, ალბათ ჩემმა საქმიანობამაც მოახდინა გავლენა. მიზანდასახულია ნინი, ისე მეცადინეობდა მთელი ეს წლები, ერთხელაც არ შევუწუხებივარ.
- შესაძლოა ის თქვენს გვერდით ვიხილოთ, როგორც თქვენი თანამებრძოლი?
- არა, ჩვენ არაერთხელ გვიასაუბრია ამ თემაზე და ის ყოველთვის ამბობს, რომ საქართველოში მაღალკვალიფიციური პოლიტიკური ექსპერტების დეფიციტია. ამბობს, რომ პოლიტიკური ანალიზი ხშირად მიკერძოებულია. ჩემი შვილები ხშირად აკრიტიკებენ ჩემს საქმიანობას და სხვათაშორის ვითვალისწინებ.