logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს, ჯანსაღი ერი ვართ, გვახსოვს მათი სისასტიკე და დანაშაულები
- +

24 ნოემბერი. 2018. 00:17

 

მსახიობი ლალი ბადურაშვილი ღიად გამოთქვამს მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილის მიმართ და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის პიროვნულ შეურაცხყოფას, ამის შესახებ „ასავალ-დასავალთან“, ინტერვიუში საუბრობს:

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ლანა ღვინჯილია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ყოფილა. ვინ მისცა ამ ქალს უფლება, მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს პირადი შეურაცხყოფა მიაყენოს? გაიძახიან, გენდერული თანასწორობაო, მაგრამ, როცა ქალი ქალს შეურაცხყოფას აყენებს, უნდა შერჩეს და პასუხი არ უნდა აგოს? რამდენი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ვსაუბრობ, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია.

 

მეხი კი დავაყარე სალომეს მიმართ ოპოზიციურად განწყობილ და მლანძღველ კაცებს! ქართველი კაცისთვის ქალი ყოველთვის ხელშეუხებელი იყო, ახლა კი ყველა მლანძღველი კაცი ერთხმად სალომეს წინააღმდეგ გაერთიანდა, არ გრცხვენიათ? საამაყოა, რომ ამ ყველაფერს სალომე ღირსეულად იტანს.

 

სადაც კი შევდივარ, მაღაზიასა თუ ბანკში პენსიის ასაღებად, მეუბნებიან - ქალბატონო ლალი, ტელევიზიით მწვავედ რომ გამოდიხართ, ჩვენს სათქმელს ამბობთო. ამ პოზიციაზეა ლამის მთელი ქალაქი და ვერ გამიგია, სად არიან ამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები? რომ ამბობენ, მთავრობა არჩევნებს აყალბებსო, თვითონ აყალბებენ - ამის ოსტატები არიან, თორემ მოსახლეობის 12%-ზე მეტი გულშემატკივარი არ ჰყავთ. რა დანაშაულიც თვითონ ჩაიდინეს, სხვას აბრალებენ, ნიღაბს ირგებენ. ვისაც კიდევ ამათი უკან მობრუნება უნდა, განა არ ახსოვთ ის 9 წელი, თუ მართლა გონებასუსტები არიან ან ავადმყოფები? სააკაშვილი 10 წლის წინათ ხომ არ გაიძახოდა, ყველანი ციხეში, ესროლეთ და სცემეთო. მერაბიშვილი ორ გვამს არ ითხოვდა, პრემია იქნებაო? 300 ათასი ქართველი ბიჭი ციხეში გამოამწყვდიეს - 7 ნოემბერი, 26 მაისი, ტელეკომპანია „იმედისა“ და „იბერიის“ დარბევა არ იკმარეს... ეს დაავიწყდათ? თუმცა, თვითონ „იბერიის“ ხელმძღვანელობამ დაივიწყა, როგორ დაარბიეს და ამ მთავრობამ როგორ მოახდინა მათი რეაბილიტაცია, სხვას რა უნდა ველაპარაკო. მას შემდეგ, რაც ერთმა ვაშაძემ თქვა, სიმსივნით დაავადებული ადამიანების მკურნალობა შავ ხვრელში ფულის ჩაყრაოო, ხოლო მეორემ - პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეატრსა და ფეხბურთს რად უნდა დაფინანსებაო, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კლავენ ინტელექტს, სულიერებას და მხოლოდ ტერიტორია უნდათ იარაღისა და ნარკოტიკების გადასაზიდად. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს, ჯანსაღი ერი ვართ, გვახსოვს ამათი სისასტიკე და დანაშაულები!“ - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner