„თუ გინდათ, კოხტა კოდუების ეპოქაში არ დაბრუნდეთ, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუჭიროთ მხარი! გპირდებით - მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც „ოცნებას“ არაფერს აპატიებს, ხოლო არჩევნების დასრულების მეორე დღესვე მოსთხოვს პასუხს, შეწყვიტოს მოღალატური კოჰაბიტაცია, დაასრულოს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა და მიხედოს მშიერ ხალხს! მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა ისევ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და არ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება!“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში.
„პირველ ტურში მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ გრიგოლ ვაშაძეს ხალხი ნდობას გამოუცხადებს, მას საერთო ამომრჩევლის 17.5 პროცენტმა დაუჭირა მხარი, 82 პროცენტმა კი უარი უთხრა. ხალხი იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, რომ „ოცნება“ დამნაშავე „ნაციონალებს“ შეერწყა. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები 28 ნოემბერს მწამებელი, მკვლელი ხელისუფლების გვერდით დადგება და მობრუნებას დაუშვებს?!
გაიხსენეთ პატრიარქის სიტყვები - დიდი საფრთხე იყო, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე ომის ზონაში ჩასვლა და ვნახე მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცებიო... როგორც ცოცხალი მოწმეები აცხადებენ, 14 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ჩასულ პატრიარქს რუსმა გენერალმა ბორისოვმა უთხრა - ცხინვალში დახოცილი ქართველების, ოსებისა და რუსების ცხედრები ერთად შევაგროვეთ და ვყრითო - მოდით, საკუთარი მიცვალებულები წაასვენეთ-მეთქი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა. სწორედ სააკაშვილებმა , ბოკერიებმა, უგულავებმა, ბაქრაძეებმა, კეზერაშვილებმა დატოვეს გაშლილ მინდორზე აგვისტოს ომში დახოცილი გმირების ცხედრები. ეს ის ხალხია, რომელიც არც ცოცხალს სცემს პატივს და არც მკვდარს. აი, ამ მოღალატეებისგან უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ქვეყანა!
სააკაშვილები, ბოკერიები, ვაშაძეები, ბაქრაძეები, უგულავები არ მალავენ, რომ მათ ინტერესებში შედის ქვეყანაში პროვოკაციების აგორება. 50 ათასამდე მოწმემ მისცა ჩვენება სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების წინააღმდეგ. დღეს რომ ვაშაძე ამაყად აცხადებს, მერაბიშვილს, ახალაიებს და სააკაშვილს შევიწყალებო, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, გარეთ გამოსულ დამნაშავეებს 50 ათასი მოწმე რომ დახვდება, რომლებსაც მათ წინააღმდეგ ჩვენება აქვთ მიცემული?!
ვაშაძეების, სააკაშვილ-ბოკერიების დაბრუნება თუ დავუშვით, იცოდეთ, ეს ხალხი არასდროს გამოსწორდება და გაასმაგებული ძალებით გაგვანადგურებენ. არავითარი სხვა არჩევანი, ყველანი უნდა გამოხვიდეთ სახლებიდან და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროთ. მანამდე კი, 23 ნოემბერს - ბათუმში, ერას მოედანზე, 25 ნოემბერს კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ვიკრიბებით, რათა მთლ მსოფლიოს დავანახოთ, რამდენნი ვართ, ვინც სააკაშვილსა და „ნაცრეჟიმს“ არას ვეუბნებით!“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.