მონტენეგროში პირველი გეიაღლუმი გაიმართა. მსგავსი ტიპის აქციები „ასეთი გეი პარადები ევროკავშირის მხრიდან ერთგვარი ტესტია იმის გასარკვევად, იცავენ თუ არა ქვეყანაში ადამიანების უფლებებს და მზად არის თუ არა ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირს" - წერს „ალჯაზირა."
15-მდე ლგბტ აქტივისტის მიერ აქციის გამართვამ მათი ოპონენტების ღია აგრესია გამოიწვია და ლგბტ პირების აქციის პარალელურად, საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელშიც სულ მცირე 1000 კაცი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ მარშს 2000-მდე პოლიციელი იცავდა, შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა. გაშმაგებული აქტივისტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 60 აქტივისტი დააკავეს, 21 ადამიანი კი დაჭრილია.
როგორც ადგილობრივი ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აღლუმზე შეძახილებით და შემდეგი ლოზუნგებით მივიდნენ - „მოკალი გეი!" ადგილობრივმა პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა, რის გამოც საპროტესტო აქცია დაპირისპრებაში გადაიზარდა. პოლიციას მათ ბოთლები და თვითნაკეთი ნაღმები დაუშინეს. დაშავებულია 20 მდე პოლიციელი და 15 წლის ახალგაზრდა, რომელსაც აღნიშნული ნაღმი ხელებში აუფეთქდა.
აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აღლუმის მონაწილეებისა და ჟურნალისტების ადგილიდან ევაკუირება მოახერხა.
გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 71 პროცენტი თვლის რომ ეს ავადმყოფობაა, 80 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალებმა საკუთარი ორიენტაციის აფიშირება-პროპაგანდა არ უნდა მოახდინონ. გავლენიანმა ეპისკოპოსმა ამფილოე რადოვიჩმა ამ აღლუმს „უსირცხვილოთა მარში" უწოდა და ორგანიზატორებს მოუწოდა, შეშვებოდნენ „ხალხის გარყვნას" და არ გაემართათ აღლუმი.