logo_geo
eng_logo
16 დეკემბრიდან უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა საბოლოოდ აეკრძალებათ
- +

9 დეკემბერი. 2018. 00:34

 

 

16 დეკემბრიდან ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება, თუმცა ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე აკრძალვა გაუქმდა. შესაბამისად, მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება უცხოეთის მოქალაქეებს 16 დეკემბრამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელის საფუძველზე მიიღეს, თუმცა ცვლილება დროებითია და მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს.

 

„რეზონანსი“ შეეცადა გარკვევას, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებიდან რა კონკრეტული მუხლები ჩაიდება კანონში და ქართული მიწა სამომავლოდ რა რეალობის წინაშე დადგება.

 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ავთო დემეტრაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვა 16 დეკემბრიდან საბოლოოდ დარჩება ძალაში.

 

„კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების და ყველა იმ სუბიექტის საკუთრება, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. თუმცა გამონაკლისი შემთხვევებზეც წერია. პარლამენტს შეუძლია ამ ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ მიიღოს ორგანული კანონი, მაგრამ ის არ უნდა შევიდეს წინააღმდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან. მეორე ვარიანტით კი, ისევ უნდა შევიდეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. გამონაკლისი შესაძლებელია დაადგინოს საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონით, რომლის მისაღებად უფრო მაღალი ქვორუმია საჭირო (2/3 უნდა იყოს), როდესაც ჩვეულებრივი ორგანული კანონისთვის ელემენტარული უმრავლესობაც საკმარისია.

 

მორატორიუმის გაუქმების გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირა იქნება ძალაში, მერე კონსტიტუცია ახლიდან ამოქმედდება და თუ ვინმეს სარჩელის შეტანას გადაწყვეტს, ჯერ უნდა დაელოდოს ორგანული კანონის მიღებას და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განმარტება გააკეთოს და გაავრცელოს თავისი გადაწყვეტილება ამ ორგანულ კანონზე. თუმცა ვიღაცამ უნდა მიმართოს, თავისი ინიციატივით ამას ვერ გააკეთებს", - ამბობს დემეტრაშვილი და დასძენს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით არავითარი გამონაკლისი არ უნდა იქნას დაშვებული.

 

„მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. რა თქმა უნდა, არავითარი გამონაკლისი არ უნდა იქნას დადგენილი, მიწა უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. არ გვაქვს ჩვენ ისეთი რესურსი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომ უცხოელებზე გავასხვისოთ. უზარმაზარ ტერიტორიას ყიდულობენ, რაც კორუფციის საფრთხეს აჩენს. ამიტომ მიწა უნდა იყოს მხოლოდ ქართველი ხალხის საკუთრება", - აცხადებს "რეზონანსთან" ავთო დემეტრაშვილი.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო. იურისტ ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

 

ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ეხება და არა მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვას.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, ძალაშია მხოლოდ 16 დეკემბრამდე, ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალა აქვს 16 დეკემბრამდე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამ ვადებში შეუძლიათ იუსტიციის სახლში დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები, თუმცა იუსტიციის სამინისტრო გაუწელავს თუ არა პროცესს, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აცხადებს ალაფიშვილი.

 

აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ბათილად არ უნდა ეცნო.

 

„პრინციპული პოზიციაა, რომ საერთოდ არ გაიყიდოს უცხოელებზე მიწა, სანამ მიწის ბალანსი არ გვექნება. პარლამენტში მომზადებულია კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ და სანამ ის ძალაში არ შევა, გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ. რაღა დარჩა, აცალონ ახალ კონსტიტუციას ძალაში შესვლა!

 

უცხოელები მიწას მოგების მიზნით ყიდულობენ. მათ მიერ შეძენილი მიწების 80% აუთვისებელია, დანიშნულებისამებრ არ არის გამოყენებული. ფასების ზრდას ელოდებიან, რომ მერე გაყიდონ და მოგება მიიღონ. ასეთ ვითარებაში საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლა არანაირად არ უნდა დაეშვათ", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner