საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა. კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს და მის შემადგენლობაში არის ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგია სამწლიანია და მისი განხორციელების მიზნით ასევე შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.