„თანამედროვე საბაჟო ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ხაზი გაუსვა საბაჟოს უმნიშვნელოვანეს როლს როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ისე საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებლად განხორციელების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს მადლობა გადაუხადა საბაჟო სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
„დღეს, საბაჟოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია როგორც საგადასახადო შემოსავლების მობილიზების, ისე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოზე ზიანის თავიდან აცილების, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლის რეგულირების, ასევე, უსაფრთხოების მიზნით მოქმედი შეზღუდვებისა და აკრძალვების სწრაფად და სამართლიანად განხორციელების პროცესში. მსურს, ჩვენი თანამოქალაქეების, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მებაჟე-ოფიცერს კეთილსინდისიერებისთვის, ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ წვლილისთვის, რომელიც თითოეულ მათგანს შეაქვს საქართველოს საბაჟო სისტემის განვითარებასა და სრულყოფაში“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, საბაჟოს ყველა სერვისის ელექტრონული ფორმით მიწოდებას, მეზობელ ქვეყნებთან ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემის ეფექტიან გამოყენებას, საერთაშორისო ვაჭრობისა და კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, საბაჟო სფეროში საქართველოს ექნება ევროპული კანონმდებლობა, რომელიც სრულად უპასუხებს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპის ბაზარზე.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საბაჟო სისტემის განვითარებაში შეტანილი ქმედითი დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათთან ურთიერთობა მომავალშიც დინამიურად გაგრძელდება. მან, ასევე ხაზი გაუსვა მეზობელი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს რეგიონში მოწინავე საბაჟო ადმინისტრაციის პოზიციებს, რაც პოზიტიურად აისახება საზღვრის უსაფრთხოების დონის ამაღლებაში, კანონდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.