ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ „ARD“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი - შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისინი ჩვენ მხარეს გადმოვლენ“, - განაცხადა ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს ხელისუფლება კანონსაწინააღმდეგოა და მისი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.