logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა
- +

31 იანვარი. 2019. 21:32

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყების მისია სტრასბურგში ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამარჯვებაა, რომელიც საქართველომ მოიპოვა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში პირველი დღიდან იყო ჩართული. ეს განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და მტკიცებულებები იყო შეგროვებული, რათა აღნიშნული შედეგი დამდგარიყო. ამ საკითხში საერთაშორისო სამართლის აღსრულების მნიშვნელობა უაღრესად პრიორიტეტულია. შემდეგ უკვე აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ შესაბამისი მექანიზმების გათვალისწინებით გადაწყვეტილება აღსრულდეს. აქედან გამომდინარე ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. სტრასბურგში ჩვენი მისია ამ პროცესში ჩართული იყო და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართული, რათა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღო.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, გადაუხადოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner