დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი თქმით, ეს მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც თბილისში განხორციელდება.
კალაძემ აღნიშნა, რომ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალური ყურადღებით ჩატარდება.
„ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა თბილისში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში თავისი იერსახე. სწორედ მის თავზე აღიმართა, პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა. დღეისთვის, სასახლე მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მივიღეთ შენობის რეაბილიტაციისა და მოწესრიგების გადაწყვეტილება. სასახლეს დღეს, საუკეთესო ფუნქცია აქვს – ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ ვუპატრონებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც კახა კალაძემ სასახლის რეაბილიტაციაზე საუბრის დროს აღნიშნა, საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 თებერვალს დასრულდება.
„პროექტის ღირებულება 599 000 ლარია. ჩვენ პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შემდეგ, შიგნითაც მასშტაბური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. სასახლის შენობა მთლიანად მოწესრიგდება და მომავალ თაობებს კიდევ ბევრი ათეული წლის განმავლობაში, სათანადოდ მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.