„საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე ცალკეული მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად“,- ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საზღვაო ფინანსები დაინტერესებულ პირებს, ანუ პოტენციურ გემთმფლობელებს საშუალებას აძლევს აიღონ სესხი გემების შესაძენად. ეს სექტორი საქართველოს ბაზრისთვის კიდევ ერთ ახალ სფეროს - საზღვაო დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ჩვენი ბაზრისთვის ასევე აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს.
საზღვაო დაზღვევა გულისხმობს გემისა თუ სხვა მცურავი საშუალების დაზღვევას სხვადასხვა საფრთხეებისგან და მოიაზრება, როგორც საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა მინისტრმა
„საზღვაო ფინანსებისა და საზღვაო დაზღვევის სფეროს ხელშეწყობა პირდაპირ პროპორციულად იმოქმედებს საქართველოს დროშის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო დონეზე, ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო დონის კომპანიების დაფუძნებას, რაც გააძლიერებს ზოგადად ინდუსტრიას და გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.