თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ანკარა რუსული სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე უარს არ იტყვის. ეს განცხადება ერდოღანმა თვითმფრინავში გააკეთა, როდესაც სოჭიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.
„ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გავაფორმეთ S-400-ების შესახებ, ასე რომ, უკან დახევაზე საუბარი არ არის. საქმე უკვე გაკეთებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს, რუსეთის დაპირებიდან გამომდინარე იარაღს მოწოდება ივლისში დაიწყება“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანამდე, აშშ-მა მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისაგან S-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე და სანაცვლოდ ამერიკული „პატრიოტების“ შესყიდვა შესთავაზა.
„ყველას გასაგებად ვუთხარით, რომ გულხელდაკრეფილი არ ვაპირებთ ჯდომას, როდესაც ჩვენი მოკავშირეები ნატო-დან იარაღს მოწინააღმდეგეებისგან ყიდულობენ. ჩენ ვერ შევძლებთ დასავლეთის დაცვას, თუ მოკავშირეები დამოკიდებულები იქნებიან იარაღის შესყიდვაზე აღმოსავლეთიდან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.