არასრულწლოვანის მიერ ცხოველის ან ფრინველის მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობა მშობელსაც დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის მხრიდან ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობით, გამოიწვევს მშობლის, ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით. ამასთან, პროექტით, ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებების ინიციატორები არიან კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი და გელა სამხარაული.