ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გევინ უილიამსონის განცხადებით, არქტიკაში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება NATO-ს ჩრდილოეთ ფლანგის რუსეთისგან დაცვას უკავშირდება.
ამის შესახებ უილიამსონმა ნორვეგიაში ბრიტანეთის საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფის ბაზაზე სტუმრობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ყოველწლიურად ათასამდე საზღვაო ქვეითი ნორვეგიელ სამხედროებთან ერთად სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას და უახლოეს დროში ისინი ახალ ქვედანაყოფს ჩამოაყალიბებენ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი თაობის ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები P-8 „პოსეიდონები“ 2020 წელს არქტიკის თავზე სასწავლო ფრენებს განახორციელებენ.
„The Telegraph“ აღნიშნავს, რომ 2020 წელს ახალი „პოსეიდონები“ ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში შემადგენლობაში ჩაეწერება და ფრენებს შოტლანდიის ლოსიმუტიდან განახორციელებენ.