„პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ღუდუშაურის საავადმყოფოში, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.