ავტორი ბაჩო ტურაშვილი
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დანაშაულის ადგილზე „რეპორტიორიც“ იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, გარდაცვლილიც და დაჭრილიც უბრალო გამვლელები იყვნენ და არა ვერცხლის ქუჩის მცხოვრებლები. მათ რამდენიმე სროლის ხმა გარკვევით გაიგონეს, უშუალოდ თვითმხილველები კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ და მედიასთან არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ.
„როგორც ვიცით, ერთი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია. სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა ნამდვილად, მაგრამ მაღაზიიდან არ გავსულვარ, სიმართლე გითხრათ, შემეშინდა“, - აღნიშნა მარკეტის გამყიდველმა „რეპორტიორთან“ საუბრისას.
ვერცხლის ქუჩა, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოების გამო, გვიან საღამომდე გადაკეტილი იყო.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ჩვენთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ სროლის ხმა პარალელურ ქუჩაზეც გაისმა და დეტალების გასარკვევად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მისივე თქმით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი შურისძიება იყო.
„სროლა საკმაოდ მკვეთრად გაისმა, მაინტერესებდა რა მოხდა. აქ რომ მოვედი, ადგილზე უკვე სამართალდამცავები დამხვდნენ და როგორც განმარტეს, ქუჩა საგამოძიებო სამუშაოების გამო გადაკეტეს. როგორც აქ გავარკვიე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი შურისძიებააო, ასე ამბობენ“, - აღნიშნა, ადგილობრივმა მცხოვრებმა ჩვენთან საუბრისას.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
ამ დროისათვის სამართალდამცავებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.