logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია წარადგინა
- +

22 თებერვალი. 2019. 11:27

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა სახელმწიფო უწყებების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.

 

დოკუმენტი ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა.

 

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების ინიციატივები გააცნო, გაიმართა გეგმის პრეზენტაცია.

 

თეა წულუკიანმა  პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის ეფექტიანი სისტემების უზრუნველყოფის გზებზე ისაუბრა.  მისი თქმით, სისტემები აკმაყოფილებს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს სასჯელის აღსრულების ან სასჯელის ალტერნატიული სახეებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით და ამავდროულად, პატივს სცემს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს, ღირსებას და ინდივიდუალურობას.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას და განმეორებითი დანაშაულის შემცირებას, რათა ქვეყანაში  ზოგადი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს.

 

„ჩვენი მისიაა, ევროკავშირთან ერთად, განვავითაროთ ისეთი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები, რომლებიც უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სისტემებში ჩვენ განვავითარებთ და შევინარჩუნებთ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს, ხელს შევუწყობთ მათთვის სათანადო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა დავიცვათ მათი ღირსება და ადამიანის უფლებები. ჩვენ ასევე დავნერგავთ თანამედროვე და პროფესიონალური მართვის პრაქტიკას, ვითანამშრომლებთ სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული სანქციების სამართლებრივი, უსაფრთხო და პროფესიონალურად აღსრულებისთვის ყველაფერი გაკეთდება, რათა საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ მათ უფრო ნაყოფიერად და კანონმორჩილად განაგრძონ ცხოვრება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner