imedinews-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები მართლაც დააკავეს და უკვე გაიმართა პირველი სასამართლო მოსმენა. უცნობია, როდის გაიმართება მეორე. თურქეთში საქართველოს კონსულის თქმით, ამჟამად ფეხბურთელები თავისუფლები არიან, თუმცა მათ ხელი მოაწერეს ქვეყნიდან გაუსვლელობაზე დოკუმენტს.
მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს. ისინი ამ დრომდე კონტაქტზე არიან მათთან. საკონსულოში აცხადებენ, რომ სხვა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობენ და მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს.
საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დაკავების ინციდენტი არ ყოფილა, არამედ პრობლემა იყო ჩეკებთან დაკავშირებით. „გაუგებრობა მოხდა. ფეხბურთელები ამჟამად ვარჯიშობენ“, - თქვეს კლუბში.
დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ქართველი ფეხბურთელი ანკარაში ქურდობისთვის დააკავეს. გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კლუბს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.