საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 29 ტილოა წარმოდგენილი. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა ესწრებოდნენ.
დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან მათ შორის: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და ვინსენტ ვან გოგის 5 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“. გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი იხილავს რეჟისორ გიორგი შენგელიას მიერ ნიკო ფიროსმანზე 1969 წელს გადაღებული ფილმი „ფიროსმანი“.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. სამინისტროს მხარდაჭერით წარმოდგენილი გამოფენის დათვალიერება ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში 2 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.