საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც, ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის მნიშვნელობაზე, ბრექსითის უარყოფით მხარეებზე და კიბერთავდასხმების საშიშროებაზე საუბრობს.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ასეთი აუცილებელი არასოდეს ყოფილა და ამასთანავე ამხელა საფრთხის წინაშე არ მდგარა... ჩვენ ვერ მივცემთ ნაციონალისტებს უფლებას გამოიყენონ ხალხის გაღიზიანება. მე მსურს ამბიციური პროექტი, რომელიც ხალხს საშუალებას მისცემს რეალურად დაიბრუნონ კონტროლი“, - წერია ემანუელ მაკრონის მიერ გავრცელებულ წერილში.
მაკრონი ასევე წერს, რომ აუცილებელია შეიქმნას ევროპული სააგენტო, რომელიც საერთაშორისო კიბერთავდასხმების და საარჩევნო კამპანიების მანიპულაციის წინააღმდეგ იბრძოლებს. მას ასევე მიაჩნია, რომ გარეშე ძალების მიერ, ევროპული პარტიების დაფინანსება უნდა აიკრძალოს.
„ევროპული განახლების“ ფარგლებში მაკრონი ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე, მსხვილი ინტერნეტკომპანიების ზედამხედველობაზე, ევროპულ მინიმალურ ანაზღაურებაზე და თავდაცვის ახალ შეთანხმებაზე საუბრობს. მას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს კონსულტაციები უნდა ჩაუტარდეთ ევროკავშირის რეფორმების შესახებ და ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ხდებოდეს.
მაკრონის აზრით, ბრექსითის რეფერენდუმი ევროპის კრიზისის სიმბოლოა, რადგან ბრიტანელებს არავინ უთხრა იმ სირთულეების და საფრთხეების წინაშე, რაც ევროკავშირიდან გასვლის პროცესში დაუდგათ. მაკრონის თქმით მათ ევროკავშირი მხოლოდ „უსულო ბაზრად“ წარმოუჩინეს და არა „ისტორიულ წარმატებად, განადგურებული კონტინენტის გაერთიანებად და მშვიდობის, წარმატების და თავისუფლების უპრეცედენტო პროექტად“.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება, ბრიტანეთი კი ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს, თუმცა გასვლის პირობებზე შეთანხმებისათვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ.