სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი, სპარტაკ ბუკია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ლაურა აბრამია ავრცელებს.
„ის, 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში, ეროვნული მოძრაობის ხანაში, გულანთებული იდგა ჩვენს გვერდით, იყო მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭი... მაშინ, როცა სოციალურ ქსელში მის ფოტოს კედლიდან კედელზე დაატარებდნენ, უკვე დამძიმებული იყო ძალიან, ბოლომდე იბრძოლაო სიცოცხლისთვის და ვერ მოერია ამ სენს სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - წერს ლაურა აბრამია.
შეგახსენებთ, სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი, სპარტაკ ბუკია, სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. Facebook-საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მისი ფოტო გააშარჟა და შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერა. მომხდარ ფაქტს , მაშინ, სოციალური ქსელით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური გამოეხმაურა. მისი თქმით, სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის მდგომარეობა ამ ფაქტის გამო კიდევ უფრო დამძიმდა.
ცნობისთვის, გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა რეპორტაჟი სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების შესახებ, სადაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შესახებ მისი დირექტორი სპარტაკ ბუკია საუბრობდა. სწორედ ამ რეპორტაჟის შემდეგ, სპარტაკ ბუკიას ფოტო სოციალურ ქსელში „აიტაცეს“ და ის სხვადასხვა კინო-ფილმის გმირებს ადარებდნენ და აშარჟებდნენ.