პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მოსმენას შს მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.
ბახტაძე და გახარია პარლამენტში იმყოფებიან.
როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიბარა.
საპარლამენტო ოპოზიცია ყურადღებას გაზრდილ კრიმინალზე, საარჩევნო პერიოდში სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლასა და ე.წ. ბოტების ფაბრიკაზე გაამახვილებს. ზოგად კრიმინოგენურ სიტუაციაზე ყურადღების გამახვილებას გეგმავს უმრავლესობაც. გარდა ამისა, მმართველი პარტია ამ მიმართულებით სკოლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ საკითხებზე, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე აპირებს კითხვების დასმას.
დღესვე პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.
ინტერპელაცია ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფორმატში მინისტრების მოსმენა დღეს პირველად გაიმართება.