მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც. ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი. 2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 5 მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.
აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით.