ავტორი მარიკო რიჟამაძე
„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას ახორციელებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის ორგანიზაციები მართავენ საავტორო უფლებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ, ერთის მხრივ, წარმოადგენენ ავტორებს, ამ ავტორების სახელით გასცემენ ნებართვას გამომყენებელზე, მეორეს მხრივ, კი ამ ლიცენზიის საფუძველზე, გამომყენებლებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტარიფების შესაბამისად ახდევინებენ ჰონორარს და ამ ჰონორარს უნაწილებენ ავტორებს. ქართულ ბაზარზე მსგავსი საერთაშორისო სტანდარტის ორგანიზაცია უკვე არსებობს. თუმცა ქართველმა ხელოვანებმა ალტერნატიული ორგანიზაცია დააფუძნეს. ახალი ორგანიზაციის შექმნის მიზანი საავტორო უფლებების მართვა და პროცესების გამჭვირვალობაა.
როგორია მოქალაქეთა პოზიცია „საავტორო უფლებათა ასოციაციის“ შესახებ მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ დაინტერესდა. არსებობს თუ არა საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია? ამ კითხვით საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის მოქალაქე გამოვკითხეთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პასუხები უმეტესწილად უარყოფითი გახლდათ, რაც რბილად თუ ვიტყვით, არსებული ასოციაციის ცუდი მენეჯმენტის ბრალიცაა...
„წესით, უნდა არსებობდეს სახელმწიფო ორგანიზაცია, თუმცა არ მსმენია მის შესახებ“, - აცხადებს ფოტოგრაფი რევაზ ბადაშვილი.
„მე მგონი, არ არსებობს“, - აცხადებს პენსიონერი ციცო ცაგანელიძე.
„არა, ასეთი ასოციაცია არ ვიცი, მაგრამ, მგონია, რომ წესრიგშია ეს საკითხი“,- აცხადებს მემონტაჟე გიორგი ჩიკვაიძე.
„ვაკეში არის ორგანიზაცია, მისი მოქმედების შესახებ ძნელია, რომ ვინმემ რაიმე გაიგოს, უფრო ქაღალდზე, ფიქტიურად არის“,- აცხადებს უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ დათაშვილი.
„ვიცი, რომ საქპატენტს ეხება, მაგრამ რთული პროცედურაა, როგორც ვიცი, შეიძლება ბოლომდე ვერ გახვიდე“,- აცხადებს ეკონომისტი გიორგი გოგეშვილი.
„მეტ-ნაკლებად ალბათ, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში... ბევრ რაღაცაში არ არის დაცული საავტორო უფლებები და ზოგადად პიროვნების უფლებები დაცული“,- აცხადებს მსახიობი გიორგი ნანავა.
„მსმენია, მაგალითად პროგრამული პროდუქტები, პრინციპში ხშირად პირატული გამოიყენება, ამიტომ არ არის დაცული“, - აცხადებს გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა.
„არა, არ მსმენია“,- აცხადებს სტუდენტი ბექა ბექაური.
„იყო, მაგრამ მგონი, აღარ არის“,- აცხადებს ინჟინერი თენგიზ ოკრიბელი.
„მსმენია, არის, მაგრამ სირბილი უნდა ბევრი, სასამართლოები უნდა ზოგჯერ და ამის თავი განსაკუთრებით უფროსი თაობის ხალხს არ აქვს“,- აცხადებს მხატვარი რომან ცუხიშვილი.
„მე მგონი, არის შესაბამისი სამსახური, როგორც მახსოვს“,- აცხადებს ინჟინერი ჭაბუკი დანელია.
„არ მსმენია ნამდვილად“,- აცხადებს სტუდენტი გიგა ხეთაგური.
„წესით, იქნება, აუცილებელია და იმიტომ, მაგრამ რამდენად ფუნქციონირებს და სრულყოფილად ასრულებს მოვალეობას, ეგ არ ვიცი“,- აცხადებს შიდა აუდიტი ვახტანგ ჭაბაშვილი.
„თავის დროზე სახელმწიფო ორგანიზაცია არსებობდა, რომელიც ამ საქმეს ეწეოდა, ახლა არსებობს თუ არა, ამის შესახებ ვერ გეტყვით“ ,- აცხადებს სოციოლოგი გურამ სვანიძე.
„როგორც ვიცი, არის ადგილი, სადაც შეგიძლია დაარეგისტრირო უფლებები, მაგრამ მისი დაცვა, მგონია, რომ არ ხდება“,- აცხადებს რისკების მენეჯერი გიორგი გოგაშვილი.
„არ ვიცი, საქართველოში არის თუ არა“,- აცხადებს სტუდენტი ვასილ ჭანიშვილი.
„მსმენია, რომ არსებობს. უშუალოდ მე არ შემხებია, მაგრამ ვიცი, რომ არ არის დაცული“,- აცხადებს მუსიკოსი დოდო გოგლიძე.
„ტელევიზიით გამიგია, რომ შექმნილია ასოციაცია, მაგრამ მაინც არ არის დაცულიო საავტორო უფლებები, პრეტენზიები აქვთ...“ -აცხადებს აუდიტორი თამარ თოდაძე.
„საავტორო უფლებების დაცვას არ აქვს საშუალება, ყველაფერი გააკონტროლოს, რა სად იმღერება, ან მაგალითად, მე დავწერე წიგნი, ამ წიგნიდან სადღაც გამოიყენეს მონაკვეთი. ვერც ავტორი და ვერც საავტორო უფლებების ასოციაცია ვერ გააკონტროლებს, თუ არ უჩივლა გამოყენებისთვის და ამ შემთხევაში ისინი, რა თქმა უნდა, უფლებებს დაიცავენ“, - აცხადებს ეთნოგრაფი ლექსო ნაზღაიძე.
„ასეთი ორგანიზაცია კი არის, სადღაც ვაკეში“, - აცხადებს ერთ- ერთი მოქალაქე.
„რაც ტელევიზიით მესმის, არ არის დაცული“,- აცხადებს პედაგოგი ოთარ მაყაშვილი.