„ეს არის ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები, ძალიან შთამბეჭდავი მიღწევები, რაც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და აძლიერებს როგორც შიდა პოლიტიკის კუთხით, ასევე, საგარეო ასპარეზზე“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის ფორმატში“ თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინეს.
სოფო კილაძის განცხადებით, საქათველო დღეს ისე ახლოს არის ნატოსთან, როგორც არასდროს და როგორც უწყებამ, ასევე, მინისტრმა, არაერთი ზეპირი და წერილობითი მადლობა მიიღო ნატოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ხელმძღვანელების მხრიდან.
„ჩვენ დღეს ვნახეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი ჩვენი შეიარაღებული ძალების. არაერთხელ ითქვა ბოლო პერიოდში, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო დღეს ისე ახლოს არის NATO-სთან, როგორც არასდროს. ამერიკის შეერთებული შტატების და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთი ზეპირი და წერილობითი მადლობა ვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს, პირადად ლევან იზორიას მიმართ. ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება. ეს არის თავდაცვის სამინისტროს, მინისტრის, მისი გუნდის, თითოეული ჯარისკაცის დამსახურება, რომლებიც, შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ დგანან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. თითოეულ თქვენგანს, მინისტრის ხელმძღვანელობით, მადლობა მინდა ვუთხრა იმ საქმეებისთვის, იმ წარმატებისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე იმკის“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ თითქმის ყოველდღე, ოპონენტები, მათ შორის, ოპონენტი მედიასაშუალებები, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
„მინდა, ვკითხო ჩვენს ოპონენტებს - მაშინ, როდესაც აშშ-ს, ნატოს, ჩვენი პარტნიორი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს იმ პროგრესს, იმ განვითარებას, რომელიც არის ნატოს და საქართველოს ურთიერთობის კუთხით, ამ დროს თქვენ რატომ აყენებთ ამ შეფასებების ობიექტურობას ეჭვქვეშ? თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ იმ ადამიანების და იმ ქვეყნების პროფესიონალიზმს, რომლებიც არიან ნატოს წევრები, რომლებიც ამ პროგრესს ხაზს უსვამენ და განსაკუთრებით მინდა, პასუხი მოვისმინო ჩვენ იმ ოპონენტების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებად წარმოუდგებიან საქართველოს - ანუ, თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ჩვენი პარტნიორების ამ გადაწყვეტილებებს და ამ შეფასებებს“?,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.
სიტყვით გამოსვლისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ანგარიშში ნათლადაა ნათქვამი, რომ თავდაცვის სამინისტროზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება და ადამიანის უფლებათა კუთხით, არის მნიშვნელოვანი პროგრესი.
სოფო კილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სტანდარტებთან დაახლოება ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვას გულისხმობს. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მისასალმებელია, რომ სამინისტროს პერსონალსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ გოგო-ბიჭებს, ვინც ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგას, ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი და მათი ოჯახები არის დაცული და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი. მივესალმები, რომ ოჯახი და ოჯახის პოლიტიკა, ოჯახის დაცვის პოლიტიკა ერთერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია თავდაცვის სამინიტროს სფეროში. დღეს მოვისმინეთ მინისტრის მოხსენება, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ოჯახის გაძლიერებას, ხაზი გაუსვა იმ პროექტს, რომელიც დღეს მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში და რომლის მთავარი ქვაკუთხედი არის ოჯახების - თავდაცვის სამინიტროს მოსამსახურეების, მათი ოჯახების ერთიანობის განცდა, მათი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება, მათი ინტეგრირება ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც ჰქვია თავდაცვის სამინისტრო.
ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს მოსამსახურეების სოციალური გაძლიერება, რაზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა და ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი - მილიონობით ლარი იხარჯება ამ კუთხით, სამედიცინო მომსახურებაზე, სოციალურ დახმარებებზე. როგორც ადამიანს უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მივესალმები, რომ დღეს საუბარი იყო ქალთა გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.