თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა GRASS-ის, CRRC-ის და IDFI-ის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების დეტალურ განხილვას და ინფორმაციის დაზუსტებას.
თემატური მოკვლევის ჯგუფი აპრილის თვის განმავლობაში ზეპირ მოსმენებს ყველა იმ 17 ორგანიზაციასთან ჩაატარებს, რომელთაც წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე თუ რა მტკიცებულებას ეყრდნობა მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. ვიმსჯელეთ, როგორ დამუშავდეს შემდგომში ეს ინფორმაცია, რომელიც როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს კიდევ უფრო ნათელ სურათს შეუქმნის თუ როგორ მუშაობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია საქართველოში. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ რომელი სახელმწიფო უწყებები იყვნენ მოწვეული ამ პროცესში. გამოიკვეთა განათლების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ძალოვანი სტრუქტურების როლი, მათი მონაწილეობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება საკითხზე სწორი დასკვნების მომზადებისთვის“, - განაცხადა ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ.
შემდეგ ეტაპზე ზეპირი მოსმენები აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართება. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.
თემატური მოკვლევის ჯგუფიდან ზეპირ მოსმენას ირინა ფრუიძე, გიორგი ხატიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გიორგი ბოკერია ესწრებოდნენ.
თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>>
პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).