„განათლების რეფორმის განხორციელების პირველ წლებში განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ საშუალო სკოლების განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საშუალო განათლების მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და სწავლების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სკოლებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა საჭირო
„განათლების ხუთივე დონე წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს და ბმა ხუთივე დონეს შორის უნდა იყოს ჰარმონიული. სხვანაირად ჩვენს ქვეყანაში ადამიანურ კაპიტალს ვერ განვავითარებთ ისე, როგორც წარმოგვიდგენია. პირველ რიგში მე გამოვყოფდი საშუალო განათლებას - სკოლას. ნებისმიერი განათლების სისტემა დგას საშუალო სკოლის წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა საშუალო განათლებაში, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე სწავლების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩვენს სკოლებში, რომ მივიღოთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შევძლოთ, რომ საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში გვქონდეს მაღალი სტანდარტის სკოლები. აქედან გამომდინარე, პირველ წლებში განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ საშუალო სკოლებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.