logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“ ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის ადგილიდან ჩაერთო
- +

5 აპრილი. 2019. 01:19

 

 

ვაშლიჯვრის გზაგამტარის პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შენარჩუნებულია მწვანე სივრცე.

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის მნიშვნელობა. მისი თქმით, ახლო მომავალში დედაქალაქს ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების გზაგამტარი პანდუსი შეემატება, რაც  ხელს შეუწყობს  მიმდებარე გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას.  როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები მწვანე ნარგავების  შენარჩუნების მიზნით განხორციელდა.

 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიღომში,  ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობის ადგილზე, სადაც  სამუშაოები მიმდინარეობს.  ამ წუთებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება,  შემდეგ უკვე დაიწყება გზის მოასფალტება და კეთილმოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე გზების საცობებისგან განტვირთვას.   ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად იცის,  თუ რამხელა დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი, განსაკუთრებით პიკის საათებში,  როდესაც ადამიანებს საათობით უწევთ  საცობებში დგომა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, გადაადგილება გახდეს თავისუფალი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროექტში ცვლილებები განვახორციელეთ.

 

პირველადი პროექტით, ადგილზე არსებული მწვანე ნარგავები მთლიანად უნდა მოჭრილიყო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით  თბილისის მერიის დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ და ცვლილებები სწორედ  მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად განვახორციელეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე  მაისის შუა რიცხვებისთვის  დასრულდება და აქ უკვე შესაძლებელი იქნება საცობების გარეშე გადაადგილება.  ვაშლიჯვრის გზაგამტარი იქნება ადაპტირებული. გზის ორივე მხარეს შშმ პირებისთვის  სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner