დეველოპერებთან მიმართებაში, ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ნაკლებად ხისტი მიდგომები, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სადაც ახალი საბანკო რეგულაციების შედეგები შეაფასა.
ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები მხოლოდ სამი თვეა, ამოქმედდა და ეს დრო საკმარისი არ არის მისი გავლენის ეფექტზე პროფესიული დასკვნის გამოსატანად.
„მთლიანობაში სესხების გაცემა გაზრდილია 15%-ით, თუმცა, გვაქვს გარკვეული კლება სამშენებლო სექტორის რეალიზაციებსა და სამომხმარებლო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში. პირადად, მე არ გამოვრიცხავ ელასტიურ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციებთან მიმართებაში, მაგრამ, როგორც რეგულაციების შემოღებამდეც ვამბობდი, საჭიროა, სულ მცირე, 6-9 თვე, რომ სწორი დაკვნები გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტების არსებულმა პრაქტიკამ, ერთი მხრივ, გაზარდა საფრთხეები ფინანსურ სექტორში, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობა მასობრივი სავალო წნეხის ქვეშ მოაქცია და მათ სოციალური პრობლემები შეუქმნა. კოვზანაძის განცხადებით, სიტუაცია, როცა ფიზიკური პირების სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპები ჯერადად უფრო ჩქარა იზრდება ვიდრე მისი მომსახურეობის შესაძლებლობები, არანორმალურია და, საშუალოვადიან პერსპექტივაში, პრობლემას უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდასაც კი.
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ პრაქტიკის და წესების შემოღება ეროვნული ბანკის ახირება, თუ ინოვაცია არაა. ეს საერთაშორისო გამოცდილებაა. ,,პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ პრინციპები სისტემური პრობლემის პრევენციაა და სრულიად ჯდება ბაზელის საერთაშორისო კომიტეტის სტანდარტებსა და მოთხოვნებში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.