„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად, ყველა კითხვას გასცა პასუხი“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე.
„ბატონმა კობამ ქრონოლოგიურად აღწერა, რომ ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ 2014 წლიდან დოკუმენტურად აფიქსირებდა ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გამოწვეული რისკების ზრდას და კორპორატიულ მართვაში არსებულ პრობლემებს. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაციის აუცილებლობას ეროვნული ბანკი უშედეგოდ ითხოვდა 2015-2018 წლების განმავლობაში, 2019 წელს კი გამოიყენა რეგულატორისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, „თიბისი ბანკმა“ სრულად გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მოთხოვნები, გამოაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს რეორგანიზაცია და გადაიხადა ჯარიმა.
„საკითხი ამოწურულია. ერთს დავამატებ: თავად “თიბისი ბანკის” აუდიტორმა, დიდ ოთხეულში შემავალმა აუდიტორულმა კომპანია ,,ფრაის ვოთერჰაუს კუპერსმაც“ სამართლიანად და კანონიერად აღიარა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სანქციის გამოყენება”, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.