logo_geo
eng_logo
მსოფლიოს დედაქალაქებში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
- +

8 აპრილი. 2019. 22:13

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით  საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღის, 1989  წლის 9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება.

 

9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოლდოვაში, ნიუ-იორკში, ქ. სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიაში, ბელარუსში, პოლონეთსა და უნგრეთში წაიკითხავენ ლექციას 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, საქართველოს საელჩოსა და გაეროსთან საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაერო-ს შენობასთან გაიმართება მშვიდობიანი აქცია.

 

ღონისძიებების პარალელურად,  ბრაზილიის, ბელგიის, ვატიკანის, ქუვეითის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, სლოვენიის, სომხეთის, რუმინეთის,  ყაზახეთის გავლენიან გამოცემებში გამოქვეყნდება 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული სტატიები, ასევე იგეგმება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინტერვიუ ისრაელის ადგილობრივ ტელევიზიაში.

 

ამასთან,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეგვიპტეში უკრაინაში, ირლანდიაში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში განხორციელდება შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა  და მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხერპლი მოჰყვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner