წიგნის პრეზენტაცია ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
წიგნის პრეზენტაციას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ავტორს წიგნის გამოცემა პირადად მიულოცა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი კუთხის ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემათ. ჩემი თაობა და ის ადამიანები, რომლებიც ამ დარბაზში ვიმყოფებით გარკვეულწილად მონაწილეები ვართ ეროვნული მოძრაობის. ბევრი ჩვენგანი მდგარა კიდეც იმ აქციებზე. მე სკოლას ვამთავრებდი იმ პერიოდებში და მახსოვს ის ემოცია და ის განწყობები, როდესაც ერთნაირად ვგრძნობდით და განვიცდიდით ქართულ სულისკვეთებას და ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ ვემსახურებოდით დიდ საქმეს, რომელიც უკეთეს მომავალს შექმნიდა. იყო ბევრი ქარტეხილი, ბევრი სიმძიმე გამოვიარეთ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, რომ დასკვნების გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია და უნდა ვივარაუდოთ რომ ვადგავართ აღმშენებლობის გზას.
ეს წიგნი კი კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენი ქალაქის წვლილს ეროვნულ მოძრაობაში. ამისთვის გულწრფელი მადლობა ქალბატონ მარინეს. ეს მისი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია და მინდა მივულოცო წიგნის გამოცემა და დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც სიმბოლურად 9 აპრილს დაემთხვა“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ
ცნობისთვის, წიგნის პირველი ნაწილი დაეთმო ისტორიულ ექსკურსს სადაც ნაჩვენებია: საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღება; 1924 წლის აჯანყების მძიმე სურათი და ზუგდიდს მაზრაში დახვრეტილ აჯანყებულთა არასრული სია, 1937-1956 წლების ტრაგიკული მოვლენები; 1960-1962 წლებში ზუგდიდში მოქმედი ორი არალეგარული ორგანიზაციის საქმიანობის მიმოხილვა; 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებში ზუგდიდელი პატრიოტების მონაწილეობა; 1989-1990 წლებში აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ მოვლენებში ზუგდიდელთა როლი; უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა“ და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ ხელმომწერების მოკლე ბიოგრაფიები.