logo_geo
eng_logo
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა
- +

10 აპრილი. 2019. 21:18

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, პრინციპების დონეზე - პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლებშიც შედის კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

საკითხის ირგვლივ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გამოიტანა, სხდომაზე მწვავე დისკუსია გაიმართა.

 

სხდომაზე ფაქტობრივად ყველა ერთსულოვანი იყო არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის თაობაზე, თუმცა უარყოფითი პოზიცია დაფიქსირდა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გამო, რომლის შესაბამისად, დაცულ ლანდშაფტებში დასაშვები ხდება მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა.

 

რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტმა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში შესატან აღნიშნულ ცვლილებებს მხარი შენიშვნებით დაუჭირა. კერძოდ, კომიტეტი ინიციატორს სთავაზობს კანონით დაცულ ლანდშაფტებში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორცილების თაობაზე ჩანაწერი ამოღებულ იქნას.

 

სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავასშეფასებით, მნიშვნელოვანია არაგვისა და თრუსოს ხეობაში დაცული ლანდშაფტების შექმნა, თუმცა მისივე აზრით, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორცილება ამ ტერიტორიებზე დაუშვებელია.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მზად არიან კონსულტაციებისათვის და კანონით დაცულ ლანდშაფტებში მხოლოდ ისეთი ობიექტების მშენებლობას დაუშვებენ, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

კანონპროექტის განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

დასასრულ, ზაზა გაბუნიამ დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის შენიშვნები გააცნო და განაცხადა, რომ კომიტეტისგან აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა სხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში ექნება.

 

წარმოდგენილ შენიშვნებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და საკითხის მომხსენებელი ნინო თანდილაშვილიც დაეთანხმა.

 

კომიტეტის სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივასა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს.

 

კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. საკითხი პარლამენტის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ გამოიტანა.

 

კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის მიხედვით, ჯარიმა 2025 წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც მართავს მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქი მისაბმელით ან მის გარეშე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის საავტომობილო გზების გარდა.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, კომიტეტი კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს რამდენიმე მოსაზრების გამო. მათ შორის, იმის გამო, რომ კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონთან, ტექინსპექტირების სავალდებულობიდან გამომდინარე, ასევე წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან. საბოლოოდ, კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც თავად ავტორმა წარადგინა და რომელიც მთაში მცხოვრებთა კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.

 

ამ მიზნით, ბიუჯეტში 181 მილიონი ლარის ცვლილების განხორციელების საჭიროება დგება.

 

მერაბ ქვარაიას განცხადებით, კომიტეტი შეზღუდულია გააგრძელოს მუშაობა ამ კანონპროექტზე, ვინაიდან ბიუჯეტში ფინანსური ცვლილება მთავრობის თანხობას საჭიროებს, ასეთი თანხმობა კი არაა წარმოდგენილი.

 

განხილვის შემდეგ, ზაზა გაბუნიამ განმარტა, თუ რატომ ვერ დაუჭერს კომიტეტი წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს კანონპროექტის სულისკვეთებას.

 

„ჩვენი ხელისუფლების ძლიერი მხარე ნამდვილად გახლავს მთის საჭიროებებზე ზრუნვა და ჯერ კიდევ წინა, მე-8 მოწვევის პარლამენტში შეიქმნა ცალკე კანონმდებლობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და მხარდაჭერის, არსებობს მთის ეროვნული საბჭო, რომელიც ყოველთვიურად იღებს გადაწყვეტილებებს მთაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის, ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით ბევრი, ძალიან საინტერესო სიახლის შემოთავაზებას პარლამენტისთვის, საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ კარგად გვესმის მნიშვნელობა საკითხის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაწესდა მთის დღე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა მთელი რიგი საშეღავათო პაკეტი იქ მცხოვრები ადამიანებისთვისა და ჩვენ გვაქვს საინტერესო და დადებითი ტენდენცია მთაში ცხოვრების თუ საქმიანობის დინამიკის ზრდის თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად გვაქვს შედეგის თვალსაზრისით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, გარწმუნებთ, როგორც ამ კომიტეტის ხელმძღვანელი. თუმცა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ახლა ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულისკვეთებას არ ვიზიარებთ, უბრალოდ არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გათვალისწინება ჩვენ ყველას გვიწევს, მე აქ არ ვმიჯნავ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ფრაქციებს, იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, არის საკითხები, რისი გათვალისწინებაც მსგავს თემაზე მსჯელობისას საჭიროა. მათ შორის, მთის ეროვნული საბჭოს თხოვნაა, თავი შევიკავოთ ცვლილებების განხორციელებამდე, ვიდრე მათ არ განიხილავს მთის საბჭო.

 

„მე, როგორც ამ საბჭოს წევრი, უზრუნველვყოფ იმას, რომ თქვენ ეს საკითხები დააყენოთ მთის საბჭოზე, სადაც წარმოდგენილია მთავრობაც და პარლამენტიც. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი, მეორე ისაა, რომ არის ფინანსთა მინისტრის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წერილები, რომლებშიც ფაქტობრივად უარყოფითი დასკვნაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომიტეტმა ამ ეტაპზე წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 

კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (FIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II) ცვლილების წერილ-შეთანხმება“, რომელიც საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ფინანსური პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

კომიტეტმა ასევე განიხილა მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტი - „2014 წლის 13 მაისის „საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილი-შეთანხმება“, რომელიც „ფინანსური პროტოკოლით“ განსაზღვრული კონტრაქტების რეგისტრაციის ვადისა და გამოყოფილი სესხის ფარგლებში თანხების გამოთხოვის ვადის 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას ეხება.

 

საკითხი სხდომაზე გამოიტანა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბუჭულაძემ.

 

კომიტეტმა ორივე სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner