დედაქალაქის მერმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მერიის მიერ დაგეგმილი ტაქსების რეფორმის დეტალები კიდევ ერთხელ გააცნო და იმ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.
კალაძის განცხადებით, აუცილებელია ამ მხრივ ქალაქში არსებული მდგომარეობა მოწესრიგდეს და განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი იყოს როგორც საზოგადოება, ასევე მძღოლები.
„მერიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც მართლა გული შესტკივა თბილისზე და ცდილობს მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას. ჩვენ გვესმის თქვენი პრობლემები, ვითვალისწინებთ არსებულ სოციალურ ფონს და აქედან გამომდინარე, ვეცადეთ, რეფორმა ყოფილიყო უმტკივნეულო და რაც მთავარია, უდანახარჯო მძღოლებისთვის. მიმდინარე რეფორმა მიზანად ისახავს, მოწესრიგდეს ტაქსით მომსახურება. ეს გააუმჯობესებს, როგორც თქვენი- დასაქმებული მძღოლების სოციალურ მდგომარეობას, ასევე ამ საქმიანობას პრესტიჟულს გახდის და რაც მთავარია, გვეყოლება მეტი კმაყოფილი მგზავრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თბილისის მერს, ტაქსის მძღოლების შენიშვნები და წინადადებები გააცნეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ არიან რეფორმის მოწინააღმდეგეები, თუმცა მერიისგან რეგულაციების ეტაპობრივად ამოქმედებას ითხოვენ.
„ჩვენ არ ვართ რეფორმის მოწინააღმდეგეები და მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ არსებული სიტუაცია უნდა მოწესრიგდეს და ტაქსები პროფესიონალი მძღოლებით იყოს დაკომპლექტებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც თეთრი ფერის დედაქალაქის ტაქსი მოდის, მათ პროფესიონალი მძღოლები მოემსახურებიან. არ უნდა იყოს ისე, რომ გაჭირვების ფონის გამო ყველას უნდოდეს ტაქსზე მუშობა. A კატეგორიის ტაქსი ერთ-ერთი პრესტიჟული სამსახური იქნება, შესაბამისად, B კატეგორიის მძოლებმა სათანადო სწავლება უნდა გაიარონ“, - განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, მძღოლმა გიორგი თათულაშვილმა.
თბილისის მერი საინიციატივო ჯგუფის წევრებს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში მათთან მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.