logo_geo
eng_logo
კონფერენცია თემაზე - სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში
- +

16 აპრილი. 2019. 19:55

 

 

16 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - გზა მსჯავრდებულთა ცხოვრების ცვლილებისა და დანაშაულის შემცირებისკენ“.

 

ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც პენიტენციურ და დანაშაულის პრევენციის სისტემებში სოციალური სამუშაოს მიმართულებით მიმდინარე რეფორმაზე და სოციალური მუშაკის როლის გაზრდაზე ისაუბრა.

 

„სოციალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის. ამიტომაც იუსტიციის მინისტრის მიერ 22 თებერვალს დამტკიცებული ბრძანებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ, აქცენტი სწორედ ამ პროფესიაზე, ამ პროფესიის წარმომადგენლებსა და მათ მიერ გასაწევ სამუშაოზე კეთდება. სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გუნდური მუშაობის შედეგი არის პატიმრობაში მყოფი პირის, ან პირობითი მსჯავრდებულის წარმატებული რესოციალიზაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის პენიტენციურ სისტემაში ამ პროფესიის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდა, მათთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებული საქმიანობა განახორციელონ და ის, რაც უკვე გაკეთდა რამდენიმე კვირის წინ, ამ შედეგის შენარჩუნება და გაძლიერება. კერძოდ, პენიტენციურ სამსახურში სოციალური მუშაკი (ეს პირველად ხდება) აღარ არის ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელი. სოციალური მუშაკი თებერვლის თვიდან პენიტენციურ სისტემაში უკვე ნამდვილ სოციალურ სამუშაოს ეწევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასა და სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის ხელმძღვანელმა, რანდელ ბაროუზიმ.

 

„სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში არიან დანაშაულთან მებრძოლები, რომლებსაც მსჯავრდებულებთან აქტიური მუშაობით წვლილი შეაქვთ დანაშაულის განმეორების პრევენციაში. ამ მიზნის მისაღწევად, სახელმწიფომ სოციალური მუშაობა უნდა მოაქციოს პროფესიულ ჩარჩოებში და მისცეს მათ, სოციალურ მუშაკებს, შესაძლებლობა იმუშაონ რეაბილიტაციის მიმართულებით”, - აღნიშნა რანდელ ბაროუზიმ.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტში არსებული სოციალური სამმართველო გაუქმდა და შეიქმნა იერარქიულად პენიტენციური დეპარტამენტის დონის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი, რომელშიც მთელი პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გაერთიანდნენ.

 

ცენტრალიზებული სისტემა ერთგვაროვან მიდგომებს და ეფექტიან სარეაბილიტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს. სოციალური მუშაკები ფუნქციების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად: შემთხვევის მმართველი და შემთხვევის ადმინისტრატორი. სოციალური მუშაკი - შემთხვევის მმართველის ფუნქცია მსჯავრდებულის შეფასება, მისთვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და სარეაბილიტაციო პროგრამების მიწოდებაა, ხოლო შემთხვევის ადმინისტრატორის ფუნქცია შემთხვევის ადმინისტრირებაა, იგი შემთხვევის მმართველის დამხმარეა და მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციას და უფლებების ადვოკატირებას უზრუნველყოფს.

 

კონფერენციაზე საუბარი შეეხო გარდამავალი მენეჯმენტის მნიშვნელობას, რომელსაც პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები ერთობლივად განახორციელებენ. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ პრობაციის ეროვნული სააგენტო და დანაშაულის პრევენციის ცენტრი გახდება ერთიანი სტრუქტურა და ჩამოყალიბდება, როგორც პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო, რომლის საქმიანობაშიც სოციალური მუშაობა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი, კატალინ გერმანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner