„მოქმედი კანონპროექტი უკვე შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს, ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა წარმოდგენილი და ჩვენ ამ რეკომენდაციების უმეტესობას გავითვალისწინებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციას, როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკომენდაციები ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილოთ, ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია უკავშირდება იმას, რომ პარლამენტმა ერთბაშად არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
„ბუნებრივია, ასეთი რამ კანონში ვერ ჩაიწერება, რადგან კონსტიტუციაში წერია მინიმალური რაოდენობა, 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა, პოლიტიკურად შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, შეიძლება, თანდათანობითაც შეივსოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ეს პოლიტიკური საკითხია. პოლიტიკური რეკომენდაცია უარყოფით კონტექსტში არ მიწოდებია. ეს სამართლებრივი რეკომენდაცია არ არის, რომელიც ორგანულ კანონში უნდა აისახოს. ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა მიზანშეწონილობის თაობაზე. შეგვიძლია, ამაზეც ვიმსჯელოთ და თუ ამის საჭიროება იქნება, შეგვიძლია, ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნაში იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით წერია, რომ გარკვეული სუბიექტების მხრიდან მის მიმართ უნდობლობა გამოითქვა; მითითებულია, რომ ვენეციის კომისიას ამის გადამოწმება არ შეუძლია.
„ვენეციის კომისია თავის პოზიციას არ აფიქსირებს. კომისიას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს მთელმა რიგმა სუბიექტებმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ სასამართლო ადეიშვილის დროს უფრო კარგი იყო, ვიდრე დღევანდელი სასამართლო. ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს არის ასახული, რომ გარკვეულმა სუბიექტებმა საბჭოს მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.