გადაცემა „იმედი LIVE“-ის წამყვანმა თეონა გეგელიამ პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობის ფაქტი გააკრიტიკა და ამასთან ერთად „იმედი LIVE“-ში გასულ სისხლიან კადრზეც ისაუბრა.
„ბილწსიტყვაობა ეთერში, რა თქმა უნდა, არ მოსულა და არც შეიძლება. თუმცა გინება და ბილწსიტყვაობა არ არის შემთხვევითი და ეს გასაგებია. ესაა რაღაც ტექნოლოგიური ხერხები. ჩემი შთაბეჭდილებით, „კვირის აქცენტების“ წამყვანები (ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე) არ არიან ემოციურად მდგრადი ადამიანები და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყო, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს რაღაც ან ვიღაც შენთვის, გინებაზე ბევრად უფრო ეფექტიანად და ძალიან კარგი ქართული სიტყვებით გამოხატე შენი განწყობები.
„იმედი LIVE“- ში 26 მაისის კადრები უნდა გასულიყო, მაგრამ ის „მხატვრული“ კადრი, რაც მოხვდა ეთერში, თუ როგორ გადმოდის სისხლი, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ამ შემთხვევაში პროდიუსერს ზედმეტი მოუვიდა. 26 მაისის კადრები იმდენად კარგად ასახავს იმდროინდელ რეალობას, რომ ამას აღარ სჭირდებოდა რაღაც მხატვრული კადრის დამატება“, - განაცხადა თეონა გეგელიამ.