logo_geo
eng_logo
გიორგი ჯანჯღავა სამუშაო ვიზიტით ალბანეთს ეწვია
- +

17 აპრილი. 2019. 19:54

 

ალბანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრები გამართა, ალბანეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, გენტ ცაკაისთან, გარემოსა და ტურიზმის მინისტრთან ბლენდი კლოსისთან და ასევე, ტირანას, დურრესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსთან - ანასტასიოსთან.

 

ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას  განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის  საკითხები. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის  მიმართ და  ხაზი გაუსვა ამ გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებებს.

 

მხარეებმა აღნიშნეს ალბანეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში  და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ განვითარებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის მაღალი დონის კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

 

ალბანეთის გარემოსა და ტურიზმის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე  საუბარი შეეხო, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ამ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.  მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენება და ტურისტული მიმოსვლის  ზრდა.  ალბანეთის გარემოსა და ტურიზმის მინისტრმა გამოთქვა სურვილი, ალბანურ ტუროპერატორებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეწვიოს საქართველოს.

 

საქართველოს ელჩი ალბანეთის რესპუბლიკას 2019 წლის 16-17 აპრილს ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მან რწმუნებათა სიგელები გადასცა ალბანეთის პრეზიდენტს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner