პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კომპეტენციის დადასტურების ნაწილში გამოცდა სერიოზული ფილტრია.
„საგამოცდო რეჟიმი ერთ-ერთი სერიოზული ფილტრია. რასაკვირველია, საზოგადოებისთვის უკეთესი გასაგები იქნება იმ მოსამართლის კომპეტენცია, რომელიც გაივლის გამოცდას, მაგრამ თუკი ამას დაემატება სხვა კომპეტენციის გარკვეული მოთხოვნები, მზად ვარ, რომ ეს პოზიცია დავთმო, თუმცა, ეს იქნება გუნდის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა და არა ჩემი ბოლომდე დარწმუნება ამ საკითხის სისწორეში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.
„ბიძინა ივანიშვილს თავის პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.