logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს
- +

22 აპრილი. 2019. 22:05

 

 

ჟურნალისტი თემურ ქორიძე გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ერთი ამბავია ატეხილი, უნდა შეეყვანა თუ არა სპეცნაზი ხელისუფლებას პანკისის ხეობაში. განსაკუთრებით ისინი აქტიურობენ, თავის დროზე პანკისის დარბევას ტაშს რომ უკრავდნენ.

 

აი, სწორედ ამ ტაშის დამკვრელების გასაგონად ვამბობ: სპეცნაზი შეიყვანეს არა პანკისის ხეობაში და იქაური მაცხოვრებლების დასარბევად, არამედ შეიყვანეს სოფელ ბირკიანში კონკრეტული ობიექტის დასაცავად; პოლიცია კი არ დაესხა თავს ადგილობრივებს, არამედ სწორედ ადგილობრივები დაესხნენ თავს პოლიციას.

 

თურმე ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში მცირე ჰესის მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგია და მისი ველური საქციელიც ამით აიხსნება.

 

ამ დროს არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დიდი დამსახურების წყალობით, საქართველოს ენერგეტიკას დღესაც თითქმის მთლიანად რუსეთი აკონტროლებს; რომ საქართველო ელექტროენერგიას უცხოეთიდან, ძირითადად, რუსეთიდან ყიდულობს, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას; რომ ე.წ. ენერგიის ალტერნატიული წყაროების (ქარის ან მზის ენერგიის) გამოყენება წყლის ენერგიაზე განუზომლად ძვირი ჯდება; რომ ბირკიანელები საქართველოს ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც თბილისელები, ან დაფნარელები; რომ თუ ონში და ქუთაისში შეიძლება ჰესის მშენებლობა, რატომ არ შეიძლება პანკისის ხეობაში; რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

 

საქმე ის არის, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არამცდაარამც არ აწყობს რუსეთს. ხოლო ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს. დიახ, ემსახურება კრემლის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ეს შეიძლება არ იცოდნენ ბირკიანელებმა, მაგრამ შესანიშნავად იციან იმ ადამიანებმა, ვინც მათ აქეზებს, ბოროტად სარგებლობს სოფლელების გულუბრყვილობით. ეს არის სულ",  - წერს თეიმურაზ ქორიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner