logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს: მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს...
- +

10 მაისი. 2019. 12:15

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტუმრობს. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. მინისტრებმა ქართული და უცხოური მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

 

„დღეს გვაქვს პატივი  ვუმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში ჩემს კოლეგას-საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ კრისტოფ კასტანერს. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი, განვიხილოთ  ორმხრივი თანამშრომლობის ის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ წინსვლას. ჩვენ, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს და იმ მხარდაჭერისთვის რასაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ერთად. ეს გახლავთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემების გადაწყვეტა, გადაწყვეტის მექანიზმები. მოგეხსენებათ, რომ უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების  ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და რა თქმა, ასევე, უსაფრთხოების თემები.

 

ხაზგასმით აღვნიშნეთ  რომ ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ძალზედ კარგი ბაზა.  ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას , რომელიც ხელს შეუწყობს ეს ბრძოლა გახადოს უფრო ეფექტური და ეს იმაში გამოიხატება, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოს 2 ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში.  განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადიან დანაშაულს. განვიხილეთ ის მექანიზმები და ის ნაბიჯები, რომელიც ქართულმა მხარემ უკვე გადადგა და ის ნაბიჯები რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ შევამციროთ საფრანგეთში და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. რა თქმა უნდა, ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე.

 

მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება, ერთად და ეფექტურად დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

 

მადლობა ბატონო მინისტრო და ეს ქვეყანა - საქართველო და თბილისი,  შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის და ეფექტური წინსვლისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner