განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე უშუს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეხვედრას დაესწრო უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე, რომელმაც სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება.
22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მოსკოვში ჩატარდა ევროპის მე-5 ჩემპიონატი ტრადიციულ უშუში (კუნგფუ), სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 27 ქვეყნის 900-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრებმა 20 სპორტსმენით იასპარეზა და 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია მანუჩარ კვაშილავას გამოსვლა, რომელმაც ყველა შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა, ხოლო ფინალში რუსი სპორტსმენი ვლადისლავ პანოვი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩატარებულ შეჯიბრებაში უშუს ნაკრებმა ოთხჯერ ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. საპრემიო სისტემა, რომლითაც უშუს ფედერაცია სარგებლობს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერაა დამტკიცებული.
2017 წელს ევროპის ჩემპიონატს თბილისმა უმასპინძლა. 37 სპორტსმენით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 3 ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ღონისძიებამ ევროპის უშუს ფედერაციისა და მონაწილე გუნდების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ოქრო:
მანუჩარ კვაშილავა
ნიკა ჩიტიშვილი
თორნიკე ნანიკაშვილი
სოფო აფხაზავა
ვერცხლი:
დავით გულისაშვილი - 3 ვერცხლი
მარიამ თურმანიძე
გურამ ფირცხალავა
დიმიტრი ფურცელაძე
ამირან ადამაძე
ვალერიი პეხტერევი
ბრინჯაო
ლუკა ხუტიაშვილი - 2 ბრინჯაო
ნინო ჩიხლაძე
ლადო ნანიკაშვილი
ირაკლი ფერსელიძე
ამირან ადამაძე
ვალერიი პეხტერევი