ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს, დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. იმ ვეტერანებს, კი, რომელთაც ავადმყოფობის გამო, მემორიალთან მისვლა ვერ შესძლეს, შინ ესტუმრნენ.
„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N 1033 განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაწესდა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 600 ლარისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის (მეუღლე, დაბადებიდან შშმ შვილი) - 300 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.