logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ევროპული ღირებულებები იგივე ვაჟა-ფშაველას ღირებულებებია!
- +

30 მაისი. 2016. 13:43


ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრის და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში წერია.



ყოფილი პრემიერის განცხადებით, როდესაც ქართულ ფენომენზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ვაზის კულტურას, რაც ასევე ჩვენი ცხოვრების წესის და ჩვენი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანთაგანია.



შემთხვევით არ არის, რომ საქართველოში სწორედ ვაზის ჯვრით შემოვიდა ქრისტიანობა, რაც ჩვენი იდენტობის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

 

ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, თუმცა, შეიძლება, ეს არც ისე შორს იყოს სიმართლისგან - სადაც კი ადამიანმა ნავი გათალა, მაშინვე სხვა ქვეყნებს მიაშურა. ნავმა მხოლოდ ქართველი მიაჯაჭვა საკუთარ მიწა-წყალს, რადგან ჩვენი წინაპრისთვის ნავი საწნახელი იყო, რაშიც ღვინოს წურავდა და სხვაგან წასვლას, შინ სტუმრის ლოდინს ამჯობინებდა.

 

ჩვენ მსოფლიო გვიცნობს როგორც ოქროს საწმისის მხარეს და როგორც ღვინის სამშობლოს; ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. ქართული ხასიათი და ქართველი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ღვინის კულტურამ ჩამოაყალიბა.

 

ვაზს უკავშირდება ქართული სუფრის უნიკალური ფენომენი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ქართველი კაცის დამოკიდებულებას ცხოვრების რაობის მიმართ, სადაც სიცოცხლის აზრად დასახულია თვით სიცოცხლისვე სიყვარული და მისი ყველაზე დიდი გამოვლინება - სხვა ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილი, მრავალხმიანი სიმღერა, ცეკვა, ლექსი, რაც საკუთარ თავს გვამსგავსებს, რაშიც ყველაზე მეტად  ვლინდება ჩვენი მეობა და კულტურის თვითმყოფადობა და რაც უდავოდ კაცობრიობის  შენაძენია.

 

ღვინის კულტურა და ქართული სუფრის ფილოსოფია თავისი არსით და სულისკვეთებით ადამიანთა  ტოლერანტობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც, ქართველებისთვის ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეთვისებულ ცხოვრების და აზროვნების წესს, ძვალსა და რბილში გამჯდარ მსოფლმხედველობას წარმოადგენს და დღეს იმ ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად გვხდის, რომელშიც ყველაზე დიდ ღირებულებად  პიროვნების ღირსება და თავისუფლება მიაჩნიათ. პიროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულებები იგივე ვაჟა-ფშაველას ღირებულებებია და სრულად შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს", - წერია ივანიშვილის ღია წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner