ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.
ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ როდესაც ირანული ავიაკომპანია თავიანთი საბუთების წარმოდგენას დაასრულებს, შესაძლებელი იქნება, გაიცეს პირდაპირ ფრენებზე ნებართვები.
„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომელიც ავიაკომპანიას აქვს შემოსატანი და როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ფრენების განრიგი აეროპორტთან ახლა თანხმდება.