logo_geo
eng_logo
რუსა მორჩილაძე: ვის აბოლებდა ეგ საერთოდ?!
- +

29 მაისი. 2019. 22:00

 

 

სამ ათასზე მეტი სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე წლების მანძილზე საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასთან დამღლელი საუბრის, კამათისა და ხანდახან ჩხუბის შემდეგაც ვერაფერს გახდა, სულ ცოტა ხნის წინ კი როდესაც „GERA“-ს სახით ბაზარზე ავტორთა უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია დაფუძნდა, პირველმა უთხრა „არა!“ გიგა კობალაძის ასოციაციას და ალტერნატიულს შეუერთდა, ახალი შემართებით და რაც მთავარია, უკეთესის იმედით.

 

რუსა მორჩილაძე: არ მინდა, ვინმე ვლანძღო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ისე არ გამოდის... რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი გაწევრიანებული საავტორო უფლებების ასოციაციაში, რომელსაც ბატონი კობალაძე ხელმძღვანელობდა, არ იყო სხვა ალტერნატიულო კომპანია და ამის გამო სულ ვიყავი უკმაყოფილო, მათთან თანამშრომლობით... რამდენიმეჯერ მივედი, დავაფიქსირე ჩემი პრეტენზიები, გამოვთქვი უკმაყოფილება, ხან მეგობრულად, ხან როგორ, ხან როგორ, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი... მე კარგად ვიცი ჩემი პრეტენზიების და მოთხოვნების ჩამოყალიბება, დაწვრილებით ავუხსენი გიგას და შესაბამისად მისგანაც ყოველთვის ველოდი კონკრეტულ პასუხებს და მოლოდინი მქონდა ცვლილებების, მაგრამ...

 

რამდენჯერმე ვიღაც მიუვარდა, იჩხუბა და მომდევნო კვარტალში უკეთესი ანაზღაურება აიღო, მე კი ასე არ შემიძლია, არაა ჩემი სტილი ჩხუბი და დავიდარაბა. არგუმენტირებული პრეტენზიები მქონდა ყოველთვის. ნინიას ბაღი იყო, ერთი სიტყვით.

 

- უფრო კონკრეტულად, რა პრეტენზიები გქონდათ?

 

- დავიწყოთ იქიდან, რომ მე ყველაზე კარგად ვიცი, რამდენად პროდუქტიული ვარ, 3000-ამდე სიმღერის ავტორი, ასევე ვმუშაობ სპექტაკლებზე, ჩემი სიმღერები ჟღერს ყველგან, საქართველოზე, რადიოსა და ტელევიზიაზე არ მაქვს საუბარი, რესტორანი არ არის, სადაც ჩემს სიმღერას არ მღერიან, კორპორატიული საღამოებია, ისრაელიდან, მოსკოვიდან, უკრაინიდან ვიდეოებს მიგზავნიან, სადაც ყოველ საღამოს ჟღერს ჩემი სიმღერები, კარაოკეებში ჩემი ტურები ტარდება. არ მინდა, ზედმეტად თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ როდესაც იცი, რომ მუშაობ და თან ერთ სეგმენტზე არა, ანაზღაურებაზეც გაქვს პრეტენზია.

 

- რა პასუხს იღებდით თქვენს პრეტენზიაზე?

 

-  არაფერს, „ბლა, ბლა, ბლა“ და გრძელდებოდა იგივე, იმასთან სასამართლო გვაქვს, იმან არ ჩარიცხა, ვიღაცასთან ხელშეკრულება არ გვაქვს და ასე შემდეგ. შე დალოცვილო, ისრაელთან და მოსკოვთან თუ არ გაქვს ხელშეკრულება, აბა, პაკისტანთან რომ გააფორმე კონტრაქტი, იქ მოუსმენენ ჩემს სიმღერებს? ვის აბოლებდა ეგ საერთოდ?!

 

-  თუ საიდუმლო არ არის , რამდენი იყო თქვენი შემოსავალი?

 

-  კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რასაც კობალაძე კვარტალში ერთხელ მირიცხავდა,  შიმშილით სული რომ არ ამოგვძვრომოდა, იმ თანხას ზუსტად ერთ ობიექტზე გამოვიმუშავებდი, მარტო რადიოში ოთხმოცი პროცენტი ტრიალებს ჩემი სიმღერები, წლების განმავლობაში რიცხავდა სასაცილო თანხას. კიდევ ერთი პრობლემა, რაც იყო, სულ მქონდა გაუმჭვირვალობის შეგრძნება, დათვლის მეთოდით ვიყავი უკმაყოფილო, რა უბედურებაა, 20 თეთრი იმას, 30 იმას, ვიღაცას ლარი... ჰყავდა, რა თქმა უნდა, თავისი ფავორიტებიც, ძირითადი კონტინგენტი ვიყავით უკმაყოფილო, საქართველოში ვცხოვრობთ ყველა, საბედნიეროდ, გვაქვს ერთმანეთთან  ურთიერთობა და ყველამ ყველაფერი გადასარევად ვიცით.

 

როგორ დავიჯერო, რომ ერთნაირად აქტუალური შეიძლება იყო ყველა სეზონზე და ყოველ თვე ავტორი, ამ ერთსა და იმავე თანხას რომ რიცხავდა ტაქსის მძღოლივით, ვერა ხუთი ლარი, ვაკე ექვსი ლარი, ეგრე იყო რა ... რუსა 300, ნინი 200, რა უბედურებაა?

 

- „არა ინტელექტი ოკუპაციას“ - როგორ გესმით ეს სლოგანი, რომლითაც კობალაძე ალტერნატიულ კომპანიას დაუპირისპირდა?

 

-   არ ვიცი, ვის ეკუთვნის იდეა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავარდა და კრახით დასრულდა, ტყუილზე იყო აგებული და იმიტომ. არაფრის მომცემი, სასაცილო და მდაბიო საქციელი იყო. ერთი კითხვა მაქვს „RAO“ მაშინ არ იყო ოკუპანტი ქვეყნის კომპანია, როდესაც თვითონ თანამშრომლობდა? მაშ დადგეს ახლა ლესელიძეზე და იძახოს, არ ტურიზმის ოკუპაციასო...

 

- ხელშეკრულება რომ გაწყვიტეთ, პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

 

- არა, რა პრობლემა უნდა შემქმნოდა? მე გიგას ვაფრთხილებდი მეგობრულად, რომ კეთდებოდა ახალი ალტერნატიულო კომპანია, რომელიც გვთავაზობდა უკეთეს პირობებს და დრო იყო, გონს მოგებოდა, მაგრამ არ დამიჯერა. რომ ვაპირებდი გადასვლას, მისთვის არ იყო ახალი ამბავი. დღეს ძალიან გახარებული ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც ალტერნატიულ კომპანიას ვანდე ჩემი უფლებები და ვარ დამფუძნებელთა შორის.

 

გამჭვირვალობა ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ოცდამეერთე საუკუნეა და „ჩოთქით“ ფულის თვლა, მგონი, ცოტა სირცხვილია. სულ მქონდა განცდა , რომ მატყუებდნენ და დღეს ცოტას გადამიხდიან თუ ბევრს, ვიცი, რომ ჩემს კუთვნილს ჩარიცხავენ და არ მექნება იმის განცდა, ვიღაც მატყუებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner